საბერძნეთში საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს

2022-07-06 14:10:27

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს საქართველოს 13 მოქალაქე, რომლებსაც ბრალი ედებათ ძარცვაში, ქურდობასა და ყაჩაღობაში.

დაჯგუფების მეთაურად მედია "კანონიერ ქურდს", 72 წლის მამაკაცს ასახელებს.

საერთო ჯამში, მათ მიერ ნაძარცვი ნივთების ღირებულება 434 ათას ევროს აჭარბებს. სულ დადგენილია ძარცვის 47-მდე შემთხვევა.

ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ადგილობრივი პოლიციელების სახელზე გაფორმებული, რაც აჩენს ეჭვს, რომ ქართველების დაჯგუფებამ სამართალდამცველების სახლებიც გაქურდა.

მედიის ინფორმაციით, ნაძარცვის რეალიზაცია ძირითადად ათენში მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ხდებოდა, რომლის მფლობელიც ასევე დაპატიმრებულია. დაკავებულთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია, ნაწილი კი საბერძნეთიდან რამდენიმე წლის წინ გააძევეს, თუმცა შეცვლილი გვარით მათ უკან დაბრუნება მაინც მოახერხეს.