რას გეგმავს "მადაგონი"

2021-12-28 00:37:11

პროექტი, რომელიც კომპანია "მადაგონმა" ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენიმე წლის წინ წარუდგინა, დამტკიცდა.

პროექტის მიხედვით, შარტავას გამზირზე არსებული ცენტრალური მადაგონი გაფართოვებას გეგმავს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი, ანა ბედინეიშვილი აცხადებს, მოქმედ შენობაზე მოხდება მესამე სართულის დაშენება, სადაც ახალი სივრცეები იქნება.

"ცენტრალური მადაგონის პროექტი გადაკეთებაზე შეტანილი გვქონდა მერიაში 4-5 წლის წინ და ახლა დაგვიმტკიცდა. მომავალი წლიდან დავიწყებთ მუშაობას.

მესამე სართული უნდა დავაშენოთ, ფასადი შევცვალოთ და გავალამაზოთ შენობა. პირველი სართული მთლიანად სუპერმარკეტს დაეთმობა, გაფართოვდება, სარდაფი გვაქვს მანდ, რომელიც რესტორნის ნაწილია და იქ მოეწყობა ლუდის ბარი. რაც შეეხება მესამე სართულს, იქნება დიდი სადღესასწაულო დარბაზი, ქორწილებზე მორგებული და ასევე, პატარა სასტუმროსავით", - განაცხადა ანა ბედინეიშვილმა.

როგორც პროექტის ესკიზებში ვხედავთ, მთლიანად შეიცვლება "მადაგონის" გარე ფასადი და ვიტრაჟული გახდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები