"ხელსაყრელი იყო, რომ გამოგვეცხადებინა მკაცრი შეზღუდვები"

2021-10-16 11:14:35

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო ხელსაყრელი იქნებოდა, რომ მთავრობას მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინა, თუმცა მეორეს მხრივ ეს ბიზნეს სექტორსა და ეკონომიკას მიაყენებდა დარტყმას.

კრიტიკული მაჩვენებელი იქნება ის, როდესაც კლინიკური სექტორი იმდენად გადაიტვირთება, რომ ვერ შევძლებთ ყველა ახლად დაინფიცირებული ავადმყოფის დაბინავებას და მათ სრულფასოვან მოვლას, - აქამდე ჯერ კიდევ არის გზა. დღეს ჰოსპიტალიზებულია 5 ათასამდე პაციენტი. სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ალბათ ხელსაყრელი იყო, რომ გამოგვეცხადებინა მკაცრი შეზღუდვები, როგორც ეს ბევრმა ქვეყანამ გააკეთა და ეს გარკვეულ შედეგს მოიტანდა, მაგრამ მოიტანდა უკუშედეგსაც, - ძლივს აღორძინებული ეკონომიკის და გაშლილი ბიზნესის ხელახლა ჩაკეტვას, შემოსავლების შემცირებას და შესაბამისად, მოსახლეობისთვის დიდი დისკომფორტის შექმნას.

ამიტომ, მოსახლეობის თხოვნაა, რომ ჩვენ ავიღოთ მთელი დარტყმა კლინიკურმა სექტორმა, ჩვენ თავზე და მათ ნუ დავუწესებთ შეზღუდვებს. მთავრობა მიდის ამ გზით, შეზღუდვები არის მინიმალური, შეიძლება ითქვას თითქმის არ არის და მთელ დარტყმას ვიღებთ კლინიკური სექტორი.

თუმცა, აუცილებელია ვაქცინაცია, არ შეიძლება ზურგში დანის ჩარტყმა. ის ანტივაქსერებიც უნდა მოეგონ გონს, ესაა საკუთარი ჯანმრთელობის და ქვეყნის საბოტაჟი და რისკის ქვეშ დაყენება. ყველა წუხს, რომ ამდენი სიკვდილობაა, გავწყდით ქართველები, თუ ცოცხალი არ დავრჩით, რაღად გვინდა ეკონომიკა და ამ დროს თითს არ ანძრევს იმისთვის, რომ ეს სიკვდილობა და ახალი შემთხვევები შეამციროს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.