მოდელს თმა მოკლედ შეაჭრეს

2021-09-24 15:44:25

ინდოეთის მომხმარებელთა საკითხების სასამართლომ სილამაზის სალონი თმის არასწორად შეჭრის გამო 271 000 დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ BBC იუწყება.

სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სილამაზის სალონში მისულ ქალს ვარცხნილობა გაუფუჭეს, რის გამოც ის მოდელად ვეღარ იმუშავებდა. მანამდე დაზარალებული თმის მოვლის საშუალებების კომპანიების პროდუქციის რეკლამებში მონაწილეობდა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, სალონში მოდელს თმა ძალზე მოკლედ შეაჭრეს, თუმცა ის სხვა ვარცხნილობას ითხოვდა. ამან კი მის პროფესიულ საქმიანობას დიდი ზიანი მიაყენა.

სალონი დელის სასტუმროთა ქსელის ნაწილია. ის სასამართლო განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

„ამ ქალმა ვარცხნილობის გაფუჭების გამო სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანა, რამაც მისი ცხოვრება საბოლოოდ შეცვალა. იმის გამო, რომ სამსახურის საქმეზე ვეღარ ფიქრობდა, საბოლოოდ სამსახურიც დაკარგა“, - განაცხადეს სასამართლოში.

ეს ფაქტი რამდენიმე წლის წინ მოხდა, თუმცა სასამართლომ სალონის დაჯარიმების გადაწყვეტილება ახლა მიიღო.