აქტუალური შეკითხვა -"როდის დავლევ"

2021-08-20 14:24:45

შეკითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია აცრამდე ან აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს:

„ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება მიზანშეწონილი არასდროსაა. მით უმეტეს, აცრის დროს დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან იმუნური სისტემის პასუხს ვირუსზე ხელს უშლის. მაგრამ 1-2 ჭიქა ალკოჰოლის მიღება არც აცრამდე, არც აცრის შემდეგ პრობლემა არ არის. ყველამ თავისი ზომა იცის. შეიძლება ზოგისთვის 1-2 ჭიქაც ბევრი იყოს, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის 1 ჭიქა ალკოჰოლის დალევა ნამდვილად არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას“, – ამბობს იმნაძე.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამირან გამყრელიძემაც

„ის, რაც ქართველებს გვიყვარს, დიდი დალევა არაა მიზანშეწონილი ვაქცინაციის შემდეგ, საკმაოდ დიდი პერიოდი. ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ.

მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება, ვეუბნები, ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეიძლება როცა გნებავთ, ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლი ხშირად წამალია, თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ, მოგეხსენებათ, პრობლემები შეიძლება გაჩნდეს“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.