რუსთავის პოლიციამ 2 მამაკაცი დააკავა [video]

2021-07-27 11:01:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 11 ივლისიდან ძებნილი ორი პირი - 1987 წელს დაბადებული ი.გ. და 1992 წელს დაბადებული თ.ჭ. თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. [video\ვიდეო]

ი.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ხოლო თ.ჭ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით იძებნებოდნენ.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე ბრალდებული აღიარებდა „ქურდულ სამყაროს“ და აქტიური კავშირი ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ასევე დადგენილია, რომ თ.ჭ. და ი.გ. აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში იმ პირებთან ერთად, რომლებიც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 8 ივლისს იქნენ დაკავებული. თ.ჭ., „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, აგრეთვე მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“.

ი.გ. სამართალდამცველების მიერ საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს, ხოლო თ.ჭ. სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 223-ე პრიმა-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იყო ძებნილი, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობას გულისხმობს. ორივე მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულები ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში არიან მოთავსებული.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პასუხისგებაში მიეცა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 31 პირი - მათ შორის 25 სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 8 ივლისს დააკავეს, 4 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წარედგინა ბრალი, ხოლო 2 პირი - ი.გ. და თ.ჭ. ამავე საქმეზე, სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იძებნებოდნენ.