ექიმის რეკომენდაციები მშობლებს

2021-07-06 17:03:10

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პედიატრის ივანე ჩხაიძის რჩევები ზაფხულში დასვენებასა და უსაფრთხოების წესებზე:

დასვენების ხანგრძლივობა

საკმარისი უნდა იყოს ბავშვის ადაპტაციისა და გამოჯანსაღებისთვის. ბავშვის სხეულის ადაპტაცია კლიმატის ცვლილებასთან შეიძლება გაგრძელდეს 3 – დან 10 დღემდე, ამიტომ დასვენება ზღვის სანაპიროზე უნდა გაგრძელდეს მინიმუმ სამი კვირა. შემდეგ ბავშვს ექნება დრო ადაპტაციისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის.

ლამაზი სიტყვა "თალასოთერაპია", რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც "ზღვით მკურნალობა", ყველასთვის ცნობილი არ არის. მაგრამ, ამის გარეშეც ყველა მშობელი დარწმუნებულია, რომ ზაფხულში ნამდვილად ღირს ბავშვთან ზღვაზე გასვლა - დასვენება და ჯანმრთელობის გაკაჟება: ზღვის წყლის სასარგებლო თვისებები უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია. ბავშვისთვის ზღვის პირველი სარგებელი გაკაჟებაა.  ზღვის წყლის ტემპერატურა ყოველთვის დაბალია სხეულის ტემპერატურაზე. როგორც კი ზღვაში ჩავალთ, ზედაპირული სისხლძარღვები შევიწროვდება და სისხლი შინაგანი ორგანოებისკენ მიემართება. შემდეგ პირველ სიცივეს სითბოს შეგრძნება ცვლის,სუნთქვა ღრმავდება, გულისცემა ხშირდება. სისხლძარღვების ამგვარი "ვარჯიში" ჯანმრთელობის გაუმჯობესების კარგი პროცედურაა. ამას ემატება ზღვის ჰიდრომასაჟის მოქმედება, რომელიც კუნთების ტონუსს უწყობს ხელს.

იმის გასარკვევად, თუ რამდენ ხანს შეგიძლიათ ბანაობა ზღვაში, უნდა გავითვალისწინოთ  წყლისა და ჰაერის ტემპერატურა და ასევე ბავშვის ასაკი. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის  ზღვის წყლის მინიმალური ტემპერატურა უნდა იყოს +22°C (2-3 წლის ბავშვებისთვის - + 24°C). ბანაობის ხანგრძლივობა 2-3-დან 10 წუთამდეა. სასკოლო ასაკის ბავშვებს შეუძლიათ უფრო ცივ წყალში ბანაობა, მაგალითად, 18-20 გრადუსი. წყალში შეუძლიათ დარჩეთ 15-20 წუთი.

სარგებელი #2: გაცივების პროფილაქტიკა.

ზღვის ჰაერი ზღვის მარილის ნაწილაკებითა და წყალმცენარეების ფიტონციდებით გაჯერებული, მტვრისგან გაწმენდილი, უარყოფითი ჰაერის იონებით მდიდარი, ნამდვილი ხსნაა ქალაქების მტვრიანი და დაბინძურებული ჰაერის შემდეგ. ზღვაზე ასეთი დასვენების შემდეგ, თქვენ დაივიწყებთ, რა არის ხშირი გაციება ბავშვებში.

სარგებელი # 3: ნერვული სისტემის გაძლიერება.

ყველას გამოცდილი გვაქვს ზღვის ტალღების ხმის დამამშვიდებელი მოქმედება. ზღვის წყალი შეიცავს ბრომის მარილებს, რომლებიც ხელს უწყობენ დაღლილობისა და გაღიზიანების შემცირებას. ზღვის წყალში შემავალი იოდი საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის სათანადო ფუნქციონირებისთვის, ის ამცირებს შფოთვას. ზღვაში ცურვის შემდეგ სხეულზე წარმოიქმნება ე.წ. მარილოვანი საფარი. თუ თქვენს შვილს არ აქვს ზღვის წყალზე კანის გაღიზიანება, ნუ იჩქარებთ მარილის ჩამორეცხვას.

სარგებელი # 4: ზღვის წყლის სამკურნალო თვისებები.

წყლის ქიმიური შემადგენლობა ახლოსაა ადამიანის სხეულის სისხლის და უჯრედშორისი სითხის შემადგენლობასთან. ნატრიუმის, ქლორის, მაგნიუმის, კალიუმის, ბრომის, იოდის იონები აღწევენ სხეულში, რაც დადებითად მოქმედებს მისი ყველა სისტემის მუშაობაზე. მარილის "გამაძლიერებელი" მოქმედება სასარგებლოა სასუნთქი სისტემის, ნერვული, საჭმლის მომნელებელი, კუნთოვანი, კარდიოვასკულური, ენდოკრინული სისტემის დაავადებების და კანის დაავადებების დროს.

სარგებელი # 5: პოზიტიური ზეგავლენა ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე.

მშობლები ხშირად აფიქსირებენ ბავშვების სწრაფ განვითარებას დასვენების შემდეგ. აქ სამი ფაქტორი ერწყმის ერთმანეთს: პირველ რიგში, ზღვის წყალი და ჰაერი იოდის წყაროა - მიკროელემენტის, რომლის ნაკლებობა ასუსტებს მეხსიერებასა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. მეორეც, დასვენება ახალი შთაბეჭდილებების წყაროა. მესამე, ქვიშაზე და კენჭებზე სიარული კარგი ტრენინგია წვრილი მოტორიკისთვის. ყველაფერი ეს მეტყველებისა და აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

გაითვალისწინეთ, რომ იოდის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ჰაერში აღინიშნება დილაადრიან და საღამოს საათებში. ამიტომ, ეცადეთ, ბავშვი ადრე გაიღვიძოთ, საღამოები კი ზღვის პირას გასეირნებას დაუთმოთ. ზღვის წყალში ცურვის სარგებელი არ არის ზღვაზე  დასვენების ერთადერთი პლუსი. სუფთა ჰაერზე სიარული, მზის აბაზანები, თბილი ქვიშა, კენჭებზე სიარული ყველაფერ ამას თავისი ეფექტი აქვს.