რუსთავის მერის მადლობა ნიკოლოზ კოწიწაშვილს

2021-06-11 18:51:40

რუსთაველმა მოსწავლემ, 16 წლის ნიკოლოზ კოწიწაშვილმა, განათლების მისაღებად, ევროკავშირისგან 50 000 ევროს ოდენობის დაფინანსება მიიღო.

ნიკოლოზი რუსთავის სკოლა „ლაზარეს“ მე-10 კლასის მოსწავლეა.

მომავალი წლიდან ის სწავლას თბილისში, საერთაშორისო დონის ინგლისურენოვან New School-ში გააგრძელებს, სადაც IB პროგრამას შეისწავლის.
16 წლის ნიკოლოზმა სკოლაში მოსახვედრად საკმაოდ რთული გამოცდები ინგლისურ ენაზე ჩააბარა.
სკოლის დასრულების შემდეგ, კი მას  საშუალება ექნება, 95 ქვეყნის 3300 უმაღლესი სასწავლებლიდან ნებისმიერში ჩაირიცხოს უგამოცდოდ.

ნიკოლოზ კოწიწაშვილს და მის მშობლებს, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა და ნიკოლოზს მადლობის სიგელი გადასცა.

როგორც ნიკოლოზ კოწიწაშვილმა აღნიშნა, სკოლა, რომელშიც მომავალი წლიდან ისწავლის მულტიკულტურულია.

კონკურსით, რომლის წარმატებით გავლის შემდეგაც, ის New School-ის მოსწავლე გახდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 40 ახალგაზრდა შეირჩა. კონკურსში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ნიკოლოზ კოწიწაშვილი საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და საერთაშორისო პროგრამა „დიპლომატია და სტრატეგიული კომუნიკაციების“ მონაწილეა" - ნათქვამის რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, წარმატებული მოსწავლის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ინფო რუსთავმა გაავრცელა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.