ვირუსი შინაური ფრინველიდან გავრცელდა

2021-06-01 11:56:48

ჩინეთში, ჯიანგსუს პროვინციაში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

41 წლის ჩინელი მამაკაცი სიმპტომების განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, 28 აპრილს საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი თვის შემდეგ კი მას ახალი შტამი H10N3 ოფიციალურად დაუდასტურდა.

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის განმარტებით, H10N3 ფრინველის გრიპის შედარებით ნაკლებად მძიმე და დაბალი პათოგენურობის მქონე შტამია, რომლის ფართო მასშტაბით გავრცელების რისკი საკმაოდ დაბალია.

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ეს H10N3-ის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევაა და, შესაბამისად, ვირუსის ზუსტი თვისებები და მასთან დაკავშირებული გართულებები ბოლომდე ჯერაც არ არის შესწავლილი.

ინფიცირების ზუსტი წყარო, ჯერჯერობით, უცნობია. ჩინელი იმუნოლოგების ვარაუდით, ვირუსი შინაური ფრინველიდან გავრცელდა.

2013-2017 წლებში ფრინველის გრიპის N7N9 შტამის გავრცელების შედეგად, 600-მდე ადამიანი გარდაიცვალა.