ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე წესები მკაცრდება

2021-05-24 11:12:10

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე პასუხისმგებლობის გასაკაცრებლად ბიუროს უახლოეს სხდომაზე ინიციატივა დაინიცირდება.

მისი ავტორები პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი არიან. პარლამენტარები ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრების ინიციატივით გამოდიან.

პარლამენტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომელიც ბიუროს უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული.

აღნიშნული კანონპროექტით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 116-ე მუხლი იცვლება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა.

პროექტით, მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.

მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს, მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდისა.

ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა, ხოლო ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1500 ლარისა.

კანონპროექტით, ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 4/1 ნაწილში და ის პირი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემდეგ, კვლავ ჩაიდენს სამართალდარღვევას და განახორციელებს სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვასას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებას, დაჯარიმდება 3000 ლარით, შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით და გაეზრდება მართვის უფლების შეჩერების ვადა 1 წლით, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდისა.

ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 4/2 ნაწილი და ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა. ამავე მუხლის 4/3 ნაწილის ცვლილების თანახმად კი, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა მისი პირველად ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით, ნაცვლად მხოლოდ ჯარიმისა, 1500 ლარის ოდენობით.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 116-ე მუხლის 5/1 ნაწილის ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა.

ხოლო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 5/2 ნაწილის ცვლილების მიხედვით კი, მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა.

გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის 4/1 ნაწილის ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, ადმინისტრაციული სახდელდადებულ პირს, მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა, სახდელის დადებიდან არაუადრეს 6 თვისა, ნაცვლად მოქმედი რედაქციის თანახმად განსაზღვრული 3 თვისა. ხოლო, მართვის უფლების აღდგენის ერთ-ერთ წინაპირობად განისაზღვრება 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა, ნაცვლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემთხვევისა.

ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის 4/1 ნაწილში განხორცილებული ცვლილების თანახმად, პირს რომელსაც სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისათვის შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და განმეორებით განახორციელებს სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებას, აღარ მიეცემა მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა.

"სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2021 წლის I კვარტალის - წინაწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში 1247 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა შედეგადაც დაიღუპა 94 პირი და დაშავდა 1613 მოქალაქე.

2020 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კი საქართველოში 4999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა შედეგადაც დაიღუპა 450 პირი და დაშავდა 6640 მოქალაქე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116- ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები მძიმე სამართალდარღვევებს წარმოადგენენ და ამჟამად მოქმედი ჯარიმის ზომები ვერ უზრუნველყოფენ ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას, მიზანშეწონილია, ამ სამართალდარღვევების სიმძიმის გათვალისწინებით პროპორციული პასუხისმგებლობის ზომები იქნეს დადგენილი", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

RUSTAVI