ჩინური რაკეტა დედამიწას მოუახლოვდა

2021-05-08 21:49:42

მწყობრიდან გამოსული 20 ტონიანი ჩინური რაკეტა დედამიწას უახლოვდება და დღეს ან ხვალ ატმოსფეროში შემოვა.

მეცნიერები მუშაობენ ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად, თუ სად შეიძლება ჩამოცვივდეს ატმოსფეროს კვეთის შემდეგ რაკეტისგან დარჩენილი ნაწილები.

italy24news-ის ინფორმაციით, რაკეტა Long March 5B-ის ნარჩენები შესაძლოა სამხრეთ იტალიის ცხრა რეგიონიდან ერთ-ერთში ჩამოცვივდეს. მოსალოდნელი შემთხვევის გამო მოსახლეობას შინ დარჩენისკენ და ღია სივრცეში ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

მეცნიერებს ზუსტი ადგილის განსაზღვრა მაინც უჭირთ, სად ჩამოცვივდება რაკეტის ნამსხვრევები, თუმცა აცხადებენ რომ ატმოსფეროს კვეთის დროს რაკეტის დიდი ნაწილი დაიწვება და მისგან დარჩენილი ნაწილები რაიმე დიდ საფრთხეს ვერ შექმნის.

ევროპის კოსმიური სააგენტოს ინფორმაციით, რისკის ზონად მოიაზრება პრაქტიკულად მთელი ამერიკა ნიუ-ორკის სამხრეთით, აფრიკა, ავსტრალია, იაპონიის სამხრეთ ნაწილი, ევროპაში ესპანეთი, პორტუგალია, იტალია და საბერძნეთი.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს ჩინეთმა 30-მეტრიანი რაკეტა Long March 5B-ით დედამიწის ორბიტაზე უპილოტო მოდული გაიტანა. ეს ჩინეთის ახალი კოსმოსური სადგურის, Tianhe-ს პირველი მოდულია. რაკეტის ნაწილი უკან, დედამიწისკენ მოემართება და შეიძლება, ატმოსფეროში უკონტროლოდ, ნებისმიერ ადგილას შემოვიდეს.