შეხვედრა რუსთავის საწარმოების ხელმძღვანელებთან [video]

2021-04-21 20:02:12

რუსთავში საწარმოების ნაწილი "გარემოსდაცვითი კანონმდებლობის" ამოქმედებას მომზადებული ვერ ხვდება. [ვიდეო/video]

საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელბს შორის გაიმართა, სადაც საწარმოების წარმომადგენლებმა დამატებითი დრო მოითხოვეს, რომ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლონ.

თუმცა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, თარიღი არ გადაიწევს და კანონის მოქმედება 1 ივნისიდან დაიწყება.

ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, კომპანიები დანადგარების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, რის გამოც მათი ნაწილი დადგენილ ვადებში ჩატევას ვერ ასწრებს.

"კანონი მიღებულია უკვე და გვაქვს. სამწუხაროდ, არის ძალიან რთული ვითარება იმ გაგებით, რომ სტანდარტები ჯერ-ჯერობით არ იყო ცნობილი კომპანიებისთვის. სტანდარტები ახლა აიტვირთა და ალბათ ამ კვირაში მთავრობაზე დამტკიცდება.

შესაბამისად, კომპანიებისთვის პრობლემა დღეს უკვე დგება დრო. იმ ერთ თვეში, ან თვენახევარში რა კითხვებიც მოდის მწარმოებლებისგან, ამ კითხვაზე პასუხები აქამდე არ ჰქონდათ. ახლა გაუჩნდებათ პასუხი, მაგრამ დრო აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ 2 ივნის არ ვიქცეთ ყველანი კანონდამრღვევებად. ჩვენი შეთავაზებაც სწორედ ეს არის, რომ კანონმდებლების ჩართვით, მთავრობის მონაწილეობითა და კომპანიების მონაწილეობით იყოს დისკუსია იმ თემაზე, რა გავაკეთოთ, რომ კომპანიები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ ვაქციოთ კანონდამრღვევებად.

ამ კონკრეტული დანადგარების ტექნიკური მახასიათებლები აქამდე ცნობილი არ იყო და რა უნდა ეყიდათ არ იცოდნენ. მწარმოებლები სვამდნენ კითხვებს და პასუხები არ არსებობდა. ტექნიკური რეგლამენტს ამ კვირის ბოლომდე მიიღებენ და შესაბამისად დრო მწარმოებლები აცხადებენ რომ დაახლოებით 3-4 სჭირდებათ იმისთვის რომ ჩამოიტანონ მოწყობილობები და დაამონტაჟონ",- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამოქალაქო საზოგადოება "გავიგუდეთ" წევრმა თიკო მაღედანმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული კანონისა და შესაბამისი აქტების მიღება დროულად რომ მომხდარიყო პრეტენზიები, რაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აქვთ, აღარ იარსებებდა.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს საქართველოს პარლამენტმა "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონი მე-3 მოსმენით მიიღო.

კანონპროექტზე რუსთაველმა ეკოაქტივისტთა ჯგუფმა "გავიგუდეთ" და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთობლივად იმუშავეს, რომელიც გარემოს დამაბინძურებელი საწარმოებისთვის ახალი სანქციები დაწესებას და საჯარიმო თანხის გაზრდას ითვალისწინებს. მისი აღსრულება 1 ივნისიდან დაიწყება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები