UNICEF-ის კვლევა

2021-03-15 14:47:15

რაც უფრო მაღალია ოჯახის სიმდიდრის ინდექსი, მით უფრო იზრდება დღეში 1 საათზე მეტი ხნით ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების ალბათობა, - ამის შესახებ UNICEF-ის მიერ საქართველოში ჩატარებულ კვლევაში წერია. კვლევის სამიზნე ჯგუფი 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

კვლევით დადგინდა შემდეგი ძირითადი ტენდენციები:

ყველაზე ძლიერი განმაპირობებელი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიხშირეზე, ბავშვის ასაკია. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო მეტია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიხშირე.

ქალაქად მცხოვრები ბავშვები უფრო ხშირად იყენებენ ელექტრონულ მოწყობილობებს, ვიდრე სოფლად მცხოვრებები. თბილისში მცხოვრები ბავშვები უფრო ხშირად მოიხმარენ ელექტრონულ მოწყობილობებს, ვიდრე ბავშვები სხვა რეგიონებიდან.

დღის განმავლობაში ერთ საათზე მეტი ხნით ტექნოლოგიების გამოყენების უმაღლესი მაჩვენებელი შემდეგ რეგიონებში გამოვლინდა: თბილისი (41%), აჭარა (38%), იმერეთი და ქვემო ქართლი (35%).

რაც უფრო მაღალია ოჯახის სიმდიდრის ინდექსი, მით უფრო იზრდება დღეში ერთ საათზე მეტი ხნით ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების ალბათობა. სიმდიდრის ინდექსის მესამე და მეხუთე კატეგორიების ოჯახებიდან, ბავშვების 32% დღის განმავლობაში ერთ საათზე მეტი ხნით იყენებს ელექტრონულ მოწყობილობებს.

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს ოჯახის სიმჭიდროვე ტექნოლოგიების გამოყენების სიხშირეზე. ეს, სავარაუდოდ, იმით არის გამოწვეული, რომ ასაკთან ერთად ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხიც იზრდება.

ოჯახში კიდევ ერთი, 5 წლამდე ასაკის ბავშვის ყოფნა ამცირებს ბავშვებში ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიხშირეს. ოჯახებში, სადაც მხოლოდ ერთი ბავშვია, ალბათობა იმისა, რომ ელექტრონულ მოწყობილობებს ბავშვები ერთ საათზე მეტი ხნით გამოიყენებენ, მაღალია, ვიდრე ოჯახებში, სადაც ერთ ბავშვზე მეტი ცხოვრობს.

უმაღლესი განათლების მქონე დედების ბავშვების შემთხვევაში, ალბათობა იმისა, რომ ისინი ტექნოლოგიებს საათზე მეტი ხნით გამოიყენებენ 1.518-ჯერ იზრდება, ვიდრე იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთა დედებსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება. იგივე შედეგი მიიღეს, როდესაც მამის განათლების გავლენა შეაფასეს.

უფროსების ჩართულობის ნაწილიდან, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი პრედიქტორი მხოლოდ დედების ჩართულობა აღმოჩნდა. რაც უფრო ჩართულია დედა, ალბათობა იმისა, რომ ბავშვი ელექტრონულ მოწყობილობას ერთ საათზე მეტი ხნით გამოიყენებს, მცირდება.

რაც უფრო ბევრი საბავშვო და დასურათებული წიგნი აქვს ბავშვს, მით უფრო ხშირად იყენებს ელექტრონულ მოწყობილობებს. აღნიშნული კავშირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი რჩება მაშინაც, თუ გავაკონტროლებთ სტანდარტულ კონტექსტუალურ ცვლადებს, ოჯახის წევრებისა და ბავშვების ფაქტორებს.

მაღაზიის სათამაშოებთან ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიხშირე იზრდება. ამგვარი შედეგი, შესაძლოა, შემდეგნაირად აიხსნას: ოჯახებში, სადაც აღმზრდელებს შეუძლიათ, შეიძინონ საბავშვო წიგნები, დასურათებული წიგნები და სათამაშოები მაღაზიიდან, ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიხშირე უფრო მეტად არის ოჯახის ფინანსური რესურსის ფუნქცია.

ბავშვები, რომლებმაც გამოსცადეს ფსიქოლოგიური აგრესია ან ფიზიკური ძალადობა, უფრო ხშირად იყენებენ ელექტრონულ მოწყობილობებს, ვიდრე ისინი, ვისაც მსგავსი დისციპლინის პრაქტიკა არ გამოუცდია.