ნინო ლაცაბიძემ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა

2021-02-22 21:28:27

"იცით, რომ თითოეულ რუსთაველს გვაწუხებს ჰაერის დაბინძურება და მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მივიღებთ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონს, მიღებაზე უფრო რთული კი, ალბათ იქნება აღსრულება და მე იმედი მაქვს, რომ თქვენს გუნდთან, ასევე ჩვენთან, რუსთაველებთან ერთად, ჩართული იქნებით ეკოლოგიური პრობლემის დაძლევაში", - ასე მიმართა რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს.

ღარიბაშვილმა საკითხზე საუბარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს სთხოვა. მინისტრის განცხადებით, ბიზნესთან აღსრულების საკითხე უკვე მუშაობა მიდის.

"რუსთავის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა. მათ შორის, საინიციატივო ჯგუფთან გვქონდა მჭიდრო მუშაობა. ჩვენ დავაჩქარეთ რეფორმა, ახალი კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა 2 მოსმენით უკვე მიიღო. მე იმედი მაქვს, უმოკლეს ხანებში ეს კანონმდებლობა შევა ძალაში, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ავამოქმედოთ ის ღონისძიებები, რომელიც შემაკავებელი იქნება დამბინძურებლებისთვის და იმ ისტორიულ პრობლემებს, რომლებიც ქალაქ რუსთავში სამრეწველო საწარმოებიდან გამოყოფილ ემისიებთანაა დაკავშირებული, ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ. ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია თვითმონიტორინგის სისტემის დამონტაჟება და ფილტრები. ამავე დროს, კომპლექსური გეგმა, რომელიც რუსთავის ჰაერის ხარისხის მართვას გულისხმობს, 60 მილიონ დაფინანსებას ითვალისწინებს და ფინანსთა სამინისტროს ეს დაფინანსება უკვე აქვს გათვალისწინებული. იმისთვის, რომ მწვანე სივრცეები გაიზარდოს ქალაქში, მოწესრიგდეს მუნიციპალური ავტოტრანსპორტი. ვფიქრობ, რომ ამ კომპლექსური ღონისძიებების გათვალისწინებით, უკვე მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება ხელშესახები შედეგები და ჩვენს ამომრჩეველს, რუსთავის მოსახლეობას შეგვიძლია ანგარიში ჩავაბაროთ. იცით, რომ კანონმდებლობა ივლისიდან შედის ძალაში, ბიზნესთან გვქონდა არაერთი შეხვედრა, ბიზნესი ამისთვის ემზადება, ჩვენი პიზიცია არის ძალიან პრინციპული, გადავადება ვერ მოხდება, მიუხედავად ყველა ფაქტორისა, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის ჰაერის ხარისხი არის პირველი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

RUSTAVI