მეუფე შიოს საკვირაო ქადაგება

2021-01-17 15:11:36

ჩვენი ცხოვრებითა და საქმით მაგალითი უნდა ვიყოთ ადამიანებისთვის ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე დიდი მოშურნეობისა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტმა შიომ ნათლისღების წინა კვირაზე ისაუბრა.

„ძვირფასო და ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს!

დღევანდელ კვირას ეწოდება ნათლისღების წინა კვირა და ჩვენ ვიხსენებთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომელმაც დაიწყო თავისი ქადაგება მდინარე იორდანესთან, ნათლავდა ხალხს და მასთან გადიოდა მთელი ისრაელი.

დღევანდელ წმინდა წერილში ამის შესახებ ისაია წინასწარმეტყველი უფლის სახელით ამბობს: „ანგელოზს მიავლენს ადამიანებთან, რომელიც გაამზადებს უფლის გზას.“

დღევანდელ სახარებასა და სამოციქულოშიც სარწმუნოების, როგორც ერთგვარი გზისა და სარბიელის შესახებ არის ნათქვამი. ისაია წინასწარმეტყველიც ასე ამბობს და შემდეგ სახარების დასაწყისშიც ასეთივეა იოანე ნათლისმცემლის პირველივე სიტყვები, როდესაც იგი იწყებს ქადაგებას. რას ამბობს იოანე ნათლისმცემელი?

„ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა შინა, განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი“. გზაზე საუბრობს, „წრფელ ყვენით“, რაც ნიშავს, რომ გაასწორეთ, გამართეთ უფლისაკენ მიმავალი გზები და ბილიკები. აი, ასეთი საოცარი სიტყვებია.

ასევე საუბრობს პავლე მოციქულიც სარწმუნოების, სულიერი ცხოვრების, როგორც ერთგვარი სარბიელისა და გზის შესახებ. დღევანდელ სამოციქულოში ის ამბობს, რომ ახლოვდება ჟამი ჩემი აღსასრულისა, - თქვენ იცით, მან ეს ეპისტოლე დაწერა თავის მოწამეობრივ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, - კეთილი ღვაწლი მოვიღვაწე, სარბიელი აღვასრულე, სარწმუნოება შევინახე, ამიერიდან მომელის მე გვირგვინი უფლისა ჩემისა მიერ და არა მარტო მე, არამედ ყველას მოელის ეს გვირგვინი, ვისაც უხარია და უყვარს უფლის გამოჩინებაო. დაახლოებით ასეთ სიტყვებს ამბობს მოციქული (ტიმ. 4,7-8).

ამგვარად, ასეთი შედარებაა, რომ სარწმუნოებრივი ცხოვრება ეს არის გზა ღმერთისკენ და ღმერთის გზაც ჩვენკენ.

წმინდა წერილში დღეს არის საუბარი ამ გზის დასაწყისზეც და დასასრულზეც, იმ გვირგვინებზეც, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომლებიც მოელის ადამიანს, რომელიც ამ სარბიელს ბოლომდე გაივლის, არ გადაუხვევს ამ სარბიელიდან. მიზანი კი არის სასუფეველი ცათა, მიზანი არის თავად ღმერთი. ამაზე ბრძანებს წმინდა იოანე ნათლისმცემელი დღევანდელ სახარებაში: „განჰმზადენით გზანი უფლისანი“.

რა იყო პირველი სიტყვები იოანე ნათლისმცემლისა? - „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“. აი, ეს არის მიზანი - ცათა სასუფეველი, ამ სარბიელის გზანი.

პავლე მოციქულს მოჰყავს მაგალითი მანძილზე მორბენალისა, რომელიც იმარჯვებს ამ სარბიელზე. ამასვე ამბობს იოანე ნათლისმცემელიც.

ამგვარად, სინანული დაკავშირებულია ამ მიზანთან, იმიტომ რომ სასუფეველს იმკვიდრებს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც მთელი გულით ესწრაფვის ცათა სასუფეველს, ის უპირველესად მას ეძიებს და ამ ცათა სასუფევლის გზიდან არასოდეს გადაუხვევს, მიუხედავად შეცდომებისა, ცოდვებისა, ყოველთვის ამ გზას ადგას. ამას ამბობს დღევანდელი სახარება.

რა თქმა უნდა, სინანულის გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, იმიტომ, რომ სინანული გულისხმობს გამოსწორებას, შეცვლას, ცვლილებას ადამიანის ცხოვრების, ადამიანის აზროვნების და მხოლოდ ამ ცვლილების შედეგად მოდის ჩვენს სულში სულიწმინდის მადლი, რაც არის სინამდვილეში სასუფეველი ღვთისა.

ჩვენ თითქოს ვართ ამ სარბიელზე, ეკლესიაში დავდივართ, სარწმუნოება გვაქვს, მაგრამ ყოველთვის არის საფრთხე იმისა, რომ ჩვენც გადავუხვიოთ ან ჩამოვშორდეთ ამ გზას.

ამიტომ პავლე მოციქული ამ ეპისტოლეში დღესაც კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს და ამბობს, რომ ყოველ წამს ფხიზლად იყავით, დაითმინეთ ბოროტება და ჰქმენით მახარებლის საქმე და თქვენი ღვაწლი კეთილად აღასრულეთო (ტიმ. 4,6).

რას ნიშნავს „მახარებლის საქმე“?

ჩვენ, ყველანი, ხომ მოწოდებული ვართ, რომ ჩვენც ვიყოთ მახარებლები, მქადაგებლები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ჩვენი მაგალითით, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით მაგალითი უნდა ვიყოთ ადამიანებისთვის სწორედ ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე დიდი მოშურნეობისა. ეს არის ჩვენი მსახურება, ამაზე საუბრობს დღეს წმინდა წერილი.

ამგვარად, გილოცავთ კიდევ ერთხელ, ძვირფასო ძმებო და დებო. დღეს, ნათლისღების წინა დღეს, წმინდა წერილი გვასწავლის, თუ რა არის სულიერი ცხოვრების დასაწყისი, ამ სარბიელის დასაწყისი, რომ ეს არის სინანული, რომელიც გვესაჭიროება და ამბობს ასევე, რომ სასუფეველი ცათა ახლოს არის, როგორც იოანე ნათლისმცემელმა თქვა.

„ახლოს“ ნიშნავს, რომ ახლოს არის არა დროით, ქრონოლოგიურად, არამედ ის გვერდით არის, უფალმა იესო ქრისტემ ჩვენამდე მოიტანა ცათა სასუფეველი. საკმარისია, გავუღოთ მას ჩვენი გული, მოვისურვოთ და ის ჩვენში შემოვა. მთავარია, მზად ვიყოთ და ამისთვის ვიღვაწოთ. აი, ამას გვასწავლის წმინდა წერილი.

დაბოლოს, ასევე ახსენებს იმ გვირგვინებს, რომლებიც ელოდება ადამიანს, თუკი იგი ბოლომდე ივლის აი, ამ დიდ სარბიელზე და მიაღწევს მიზანს. ეს გვირგვინები ყოველ ჩვენგანს ელოდება, ეს არის გვირგვინები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“, - აღნიშნა ქადაგებისას მიტროპოლიტმა შიომ.