რუსთავში 600-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება [photo]

2020-12-18 18:42:54

რუსთავში მცხოვრებ 600-მდე ოჯახს ეტაპობრივად საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება.

საუბარია ოჯახებზე, რომლებიც აღნიშნულ ფართებში უკვე წლებია ცხოვრობენ.

ამასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატამა ნინო ლაცაბიძემ და ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ შეხვედრა იმ მოსახლეობასთან გამართეს, რომელიც საცხოვრებელი ფართების დაკანონებას უკვე წლებია ცდილობს.

"600-მდე ოჯახი რუსთავში ელოდება იმ ფართების დაკანონებას, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობს. დაკანონების პროცესი დაწყებულია, თუმცა მე როგორც მაჟორიტარი ვაპირებ ვიყო ჩართული იმაში, რომ ეს მოხდეს უფრო სწრაფი ტემპებით. რუსთავის მერიასთან და შესაბამის სამინისტროებთან ერთად, უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ გეგმას, რა ვადებში მოხდება სრულად რუსთავში არსებული ფართების დაკანონება.

ჩვენ პარალელიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ არ მოხდეს ამით აღნიშნული საკითხის წახალისება და თავისუფალი ფართების ათვისება. ვიმუშავებთ პრევენციულ ზომებზე რუსთავის ზედამხედველობასთან ერთად, რომ ერთი და იგივე წრეზე არ ვიაროთ", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

აღსანიშნავია, რომ ლაცაბიძის თქმით, მას არ სურდა არჩევნებამდე აღნიშნულ საკითხზე საუბარი, რადგან მოსახლეობას ეს არ ჩაეთვალა წინასაარჩევნო დაპირებად.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, ამ დროისთვის 100-მდე ოჯახს უკვე დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი.

"მიმდინარე წელს 100-ზე მეტი საკუთრების მოწმობა გადაეცათ მოქალაქეებს და ეს პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე გვაქვს საშუალება იმისა, რომ მთავრობასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებით მოხდეს იმ მოსახლეობისთვის ბინების დაკანონება, რომლებიც 10, 15 და 20 წელიწადზე მეტია ცოვრობენ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლებში", - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები