რუსთავში პარტია "ქართული ფესვების" ოფისი გაიხსნა

2020-08-04 17:51:21

რუსთავში ახლადდაფუძნებული პოლიტიკური პარტიის "ქართული ფესვების" ოფისი გაიხსნა.

ოფისის გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ პარტიის ლიდერები და "ქართული ფესვების" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში - ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე.

როგორც ბესო ჩუბინიძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას აღნიშნა, ახალი პოლიტიკური ძალისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა, ასევე ემიგრანტების ინტერესების სადარაჯოზე დგომაა. ამასთან, ჩუბინიძე შეეხო იმ ბრძოლას, რომელიც მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რუსთავში მოუწევს და აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატს "მოხარშულს იცნობს" და მათ ძლიერ კონკურენციას გაუწევს.

ოფისის გახსნის შემდეგ პარტიის წევრებმა  მეგობრობის გამზირზე მდებარე ჰამლეტ გონაშვილის სკვერში გადაინაცვლეს და მის ბიუსტზე ახლადდამზადებული დაფა დაამაგრეს, რომელზეც ჰამლეტ გონაშვილის სახელი და გვარია დატანილი. როგორც ბესო ჩუბინიძემ აღნიშნა, ბიუსტიდან აღნიშნული წარწერა, რომელიც სპილენძისგან იყო დამზადებული, მოპარულია.

ახალი პოლიტიკური პარტია „ქართული ფესვები" 2020 წლის აპრილში დაფუძნდა. პარტიის დამფუძნებელი აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თენგიზ ოქროპილაშვილია.

პარტიამ კანდიდატები 5 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სახე - მომღერალი ნუგზარ კვაშალი იმყოფებოდა დღეს რუსთავის ოფისის გახსნაზე, რომელიც საპარლამენტო მანდატისთვის გურიაში იბრძოლებს.

პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზემო აჭარაში ზურაბ ცინცქილაძე, ქუთაისში - ნათია ჯიმშერეიშვილი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში - ნოდარ ლიპარტელიანი იქნება.