ვინ დაინახა ბაჩალიაშვილი და რას ჰყვებიან ადგილობრივები [video]

2020-07-25 00:24:00

თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების დღეს, სავარაუდოდ, სოფელ გოლთეთში იმყოფებოდა. [ვიდეო/video]

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა მიაწოდა. წყარო გვიყვება, რომ გოგონა გოლთეთში ადგილობრივებს გზის გაკვლევის მიზნით კითხვებს უსვამდა. გარდა ამისა, ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ამავე სოფელში, 18 ივლისს კიდევ ერთი უცხო ავტომობილი შენიშნეს, რომელიც ასევე კონკრეტულ ლოკაციას ეძებდა.

საინფორმაციო სააგენტო მონათხრობის გადამოწმების მიზნით, სოფელ გოლთეთში და ასევე, სოფელ მაწევანში, უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ჩავიდა. სიცხადისთვის, თბილისიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსიკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე, ჯერ სოფელი გოლთეთი გვხვდება, შემდეგ კი სოფელ მაწევანი, რომლის ტერიტორიაზეც მწყემსმა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი ნახა. 

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, უცხო მანქანა, რომელსაც "პატარა გოგონა" მართავდა, სოფელში ნამდვილად შენიშნეს. სოფლის მცხოვრებლების თქმით, გოგონა "მიადგა ტყეს და რომ ვერ დაინახა გზა, უკან მობრუნდა და წამოვიდა".

ადგილობრივების მონათხრობიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი გზის გაკვლევას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიმართულებით ცდილობდა, თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ სოფლიდან თეთრიწყაროსკენ დამაკავშირებელი მაგისტრალი არ გადიოდა, უკან დაბრუნდა.

გარდა ამისა, "ინფო რუსთავმა" ჩაწერა სწორედ იმ მწყემსის მეგობარი მწყემსი, რომელმაც გარდაცვლილი გოგონა აღმოაჩინა. ის გვიმტკიცებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, ტერიტორიაზე, სადაც შემდგომ 23 წლის გოგონა გარდაცვლილი ნახეს, არაერთი მწყემსი მორიგეობდა, თუმცა ავტომობილი აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ყოფილა. ასევე მისი ინფორმაციით, სოფელში გავრცელებულია ვერსია, რომ გოგონა მოწამლეს ან გაგუდეს, ავტომობილის ტყეში შეყვანა კი შემდგომში მოხდა.

სიცხადისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელი სახლიდან იმ ტერიტორიამდე, სადაც ის გარდაცვლილი ნახეს, დაახლოებით 70 კილომეტრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამოძიებამ ბაჩალიაშვილის მანქანიდან მედიკამენტები ამოიღო, ასევე, ბრიფინგზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ გოგონას ჰყავდა პირადი ფსიქოლოგი.

საყურადღებოა, რომ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.


RUSTAVI