რამდენი პროცენტით გვიცავს პირბადე

2020-06-01 13:21:13

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ატარონ პირბადეები, რადგან კორონავირუსი არსად არ წასულა და ჯერ-ჯერობით ისევ არის მისი გავრცელების საფრთხეები.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მობილობა სერიოზულად გაიზარდა ქვეყანაში.

ტრანსპორტში, მეტროში, ავტობუსიში, სამარშრუტო მიკროავტობუსა და ასე შემდეგ, აუცილებელია პირბადის ხმარება.

პირდაპირ პროცენტს გეტყვით, თუ მე ვარ ინფიცირებული და მიკეთია პირბადე და თქვენ ბრძანდებით ჩემთან ერთად და ჯანმრთელი, ორივეს გვიკეთია პირბადეები, მაშინ ალბათობა იმისა, რომ არ გადაგედოთ ინფექცია არის 95%. ანუ მაღალი დაცულობა აქვს პირბადეს, როცა ორივეს გვიკეთია.

თუ ერთს უკეთია და მე ვარ ინფიცირებული და თქვენ არა, მაშინ ეს ალბათობა დაიწევს სადღაც 50%-მდე.

ამიტომ ეს მარტივი თვითდაცვის საშუალება, ძალიან გთხოვთ, რომ ყველამ ვატაროთ. მესმის რთულია სიცხეში...

ჩვენ ვიცით, რომ გარეთ არ უნდა ვიხმაროთ პირბადე, მაგრამ როდესაც ვიკრიბებით 5,6, 7 და 10 ადამიანი იგივე გარე სივრცეში, აუცილებელია პირბადის ხმარება. იმიტომ, რომ ინფექცია ჯერ-ჯერობით ქვეყანაში არის და მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები