მოსახლეობას გაზს უჭრიან

2020-03-24 00:55:35

"ინფო რუსთავს" მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "სოკარ ჯორჯია გაზის" თანაშრომლებს კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო საშუალებები დაურიგდათ და მიეცათ დავალება, გადაუხდელობის შემთხვევაში ყველა აბონენტს შეუწყვიტონ ბუნებრივი აირის მიწოდება.

საინფორმაციო სააგენტოს წყარომ განუცხადა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს, იმ ფონზე, როცა საგანგებო მდგომარეობაა, ადამიანებმა სამსახური დაკარგეს და სახლში არიან, ვერ შეძლებენ თანხის გადახდას. გარდა ამისა არ სურთ კომუნიკაცია კომპანიის თანამშრომლებთან, რომელებსაც დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა.

"ესენი დაურიგეს რუსთავგაზის თანამშრომლებს და დაავალეს, რომ შევიდნენ ყველა აბონენტთან, ვისაც დავალიანებები აქვთ და უპირობოდ გაუთიშონ დღესვე გაზის მიწოდება. ეს არის დიდი დაუდევრობაა ამ კომპანიისგან. ე.ი. ეს თანამშრომლები ჯერ მოივლიან მთელს რუსთავს, კარზე დააკაკუნებენ, შევლენ სახლებში და მერე შინ დაბრუნდებიან და სახლში მიიტანენ სავარაუდოდ ვირუსს", - განუცხადა საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთმა მკითხველმა.

"ინფო რუსთავი" კითხვებით, შეეძლო თუ არა კომპანიას ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, როცა სახელმწიფო ხაზს უსვამს კერძო სექტორის თანადგომის აუცილებლობას, თავი შეეკავებინა აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტისაგან და რამდენად უსაფრთხოა "სოკარ ჯორჯია გაზის" თანამშრომლების კარდაკარ სიარული, კომპანიას დაუკავშირდა. კომპანიაში განგვიცხადეს, რომ: "არ გამოცემულა სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეგულაცია იმის შესახებ, რომ რაიმე სახის კომუნალური გადასახადისგან მოსახლეობა თავისუფლდება. აქედან გამომდონარე, ჩვეულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა. ჩვენი თანამშრომლები არცერთი აბონენტის ბინაში არ შედიან და მანამ, სანამ საგანგებო სიტუაცია იქნება ქვეყანაში გამოცხადებული, არ შევლენ. იმ აბონენტებთან, ვისაც მრიცხველი აქვს სახლში, თუ არ მოხდება საავარიო გამოძახება, თანამშრომლები არ შევლენ. ვისაც მრიცხველი აქვს გარეთ, იქ ჩვეულებრივად მოხდება გადაუხდელობის გამო გაზის ჩაჭრა".