დაპირისპირება მეზობლებსა და ნოტარიუსს შორის

2020-03-20 15:02:24

რუსთავში, შარტავას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ინციდენტი მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი საცხოვრებელ სახლში გახსნილი სანოტარო ბიური გახდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაპირისპირება იყო სანოტარო ბიუროს მეზობლად მცხოვრებ მამაკაცსა და  ბიუროს მფლობელს შორის.

როგორც მამაკაცმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, დაპირისპირების მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საცხოვრებელ კორპუსში არსებული ხალხმრავლობა გახდა. მამაკაცის თქმით, კორპუსის მცხოვრებლები იზლაციაში ყოფნას ცდილობენ, თუმცა ყოველდღიურად სანოტარო ბიუროს ბევრი, მათ შორის უცხო ეროვნების პირი აკითხავს.

"ხალხი უნდა იყოს იზოლაციაში. მოწოდებაა დავრჩეთ სახლებში. მე ვრჩები, მაგრამ ჩემთან მოდიან. ჩემს სართულზეა სანოტარო ბიური და პირდაპირ ჩემს კართან დგება რიგი. ხალხს ხელით ვწევ, თუ შეიძლება გამატარეთ მეთქი. აზერბაიჯანელები, უკრაინელები, ირანელები მოდიან", - აცხადებს მამაკაცი.

კორპუსის მცხოვრების ინფორმაციით, მან ნოტარიუსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პოლიციამ შემაკავებელი ორდენი გამოუწერა.

როგორც სანოტარო ბიუროს მფლობელმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ის ბიუროს დახურვას ისედაც გეგმავდა, დღეს კი საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ხალხის მომსახურება შეწყვიტოს. თუმცა, როგორც ნოტარიუსი აღნიშნავს, ინფორმაცია, რომელიც კორპუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მამაკაცმა გაავრცელა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ბრძანება სანოტარო ბიუროების დახურვასთან დაკავშირებით არ მიგვიღია. უცხოელებს კიდევ მოგეხსენებათ 2 კვირაა შეზღუდვა აქვთ საზღვარზე შემოსვლის. მქონდა მოქალაქეებთან გარკვეული ვალდებულება დამესრულებინა დაწყებული საქმეები, დავასრულე და ვხურავ. მოდიოდა სულ 2-3 ადამიანი და არცერთი არ გაჩერებულა სადარბაზოში, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება და ვწყვეტ მოქალაქეების მიღებას", - აცხადებს ნოტარიუსი.

ფოტო არ ასახავს რეალობას

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI