რა ვითარებაა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში

2020-01-20 22:15:18

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში სეზონური ვირუსული ინფექციების გამო პაციენტთა მიმართვიანობამ წინა კვირასთან შედარებით იკლო, თუმცა გუშინ ერთდროულად 7 პაციენტი შეიყვანეს.

ამ ეტაპისთვის ქალაქის ბავშვთა საავადმყფოში სტაციონარულ მკურნალობას 28 პაციენტი გადის.

"პარასკევსა და შაბათს კლინიკაში პაციენტების მომართვიანობის კლება შეიმჩნეოდა, თუმცა გუშინ შვიდი ადამიანი შემოვიდა. საერთო რაოდენობა მაინც დაბალია, რადგან მანამდე კლინიკაში 44-45 პაციენტზე მეტი შემოდიოდა", - ინფო რუსთავთან საუბრისას განაცხადა ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგემ მარინა აბულაშვილმა.

პაციენტები სტაციონარში ხველებითა და ცხელებით შედიან, აწუხებთ ყელის, თავისა და მუცლის ტკივილი, ასევე ნაწლავთა მოქმედების გახშირება. სტაციონარში ძირითადად ბრონხიტისა და პნევმონიის გამო წვებიან.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, მარინა აბულაშვილმა, ვირუსული ინფექციების პრევენციის გზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ - "ვირუსის თავიდან ასაცილებლად, უნდა გაკეთდეს გრიპის ვაქცინაცია, რომელიც სასურველია ჩატარდეს შემოდგომით, სანამ დაიწყება ვირუსების პერიოდი. ასევე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ორგანიზმის იმუნური ძალების აწევაზე, აქ იგულისხმება ორგანიზმის გაკაჟება, სრულფასოვანი კვება, დილით ჰაერზე სეირნობა, ოთახის განიავება, პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და ა.შ. პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებლად საჭიროა იზოლირებული იქნეს პაცვიენტი, სასურველია წოლითი რეჟიმი, აუცილებელია სითხეებით დატვირთვა და სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება მაღალ ტემპერატურაზე".