ინციდენტი რუსთავის სკოლაში [video]

2019-12-12 19:37:08

"მე-9 კლასელ ბავშვს, სკოლაში, მიეპარნენ, ხელში აიყვანეს და ძირს დაახეთქეს, რომელმაც დაზიანებები მიიღო" - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" #15 სკოლის მოსწავლის მშობელმა განუცხადა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი" ფაქტის დასაზუსტებლად, #15 საჯარო სკოლაში მივიდა. ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს, სკოლასთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დახვდა.

სკოლის დირექტორმა, ბელა მარტიაშვილმა, საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა, რომ - "არანაირი ხელის კვრა არ ყოფილა, თამაშობდნენ ბავშვები და წაიქცა. სამედიცინო პერსონალმა თქვა, რომ არ არის ტვინის შერყევის ნიშნები, უბრალოდ ემოციური ბავშვია და გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში"

"ინფო რუსთავთან" საუბრისას დაშავებულმა მოსწავლემ განაცხადა, რომ - "მე და ერთი გოგო ერთად ვიდექით და ვცეკვავდით, რა დროსაც უკნიდან ვიღაც მომეპარა, ხელში ამიყვანა და დამახეთქა".

პაციენტი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

"პაციენტი შემოიყვანეს სტაბილური მდგომარეობით. უჩივის თავის ტკივილს, გულის რევის შეგრძნებას, რაც არის ტრავმის შედეგი. დაგეგმილია ტომოგრაფია და დინამიკაში მეთვალყურეობა, შემდეგი რისკების თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა "კლინიკა რუსთავის" პედიატრიული სამსახურის უფროსმა ჯონი სამხარაძემ.