ხმაური და დაპირისპირება #5 სკოლაში [video]

2019-09-30 12:35:01

შეხვედრა #5 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ თამარ გოგაძესა და მოსწავლეების მშობლებს შორის დასრულდა. [ვიდეო/video]

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მშობელმა ნინო მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დირექციისგან მიიღეს დაპირება, რომ მე-6 კლასის მოსწავლე, რომლის სკოლიდან გადასვლასაც ისინი მოითხოვენ, ორშაბათამდე საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ გამოცხადდება, თუმცა, როგორც ნინო მაჭარაშვილი აცხადებს, შვილის სკოლაში გაშვებას მაინც არ აპირებს. აღნიშნულ პოზიციაზე შეთანხმდა აქციაზე მყოფი მშობლების უმრავლესობაც. როგორც ისინი ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ ორშაბათიდან მე-6 კლასელი სკოლაში სიარულს განაახლებს, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. მშობლების თქმით, მე-6 კლასელი სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის საფრთხის შემცველია.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგაძე აცხადებს, რომ მშობლებს კანონმდებლობით საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბავშვის გარიცხვის მოთხოვნის უფლება არ აქვთ და მათთვის ეს დაპირება არც მიუცია.

ხმაურის ფონზე დაატოვებინეს სკოლის შენობა მე-6 კლასის მოსწავლეს და მის მშობელს. ისინი ტერიტორიიდან რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა გაიყვანა. ხეჩიკაშვილმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, რესურსცენტრი კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

#5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან ხმაური იყო. რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება მშობლებსა და მე-6 კლასელი მოსწავლის დედას შორის. მოსწავლის დედა ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ შვილის სკოლიდან გადაყვანას არ აპირებს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

მშობლების საპროტესტო ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც 27 სექტემბერს #5 საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა. მუსიკის პედაგოგი მე-6 კლასელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მშობლების თქმით, წლებია ბავშვს გარშემომყოფებთან კონფლიქტური დამოკიდებულება აქვს, თუმცა ქმედითი ზომები შესაბამისი ორგანოების მხრიდან არ გატარებულა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები