რომელ მოსწავლეებს აცრიან სექტემბრიდან სკოლებში

2019-08-27 12:55:58

ახალი სასწავლო წლიდან  მოსწავლეებს, რომლებსაც აცრები არასრულად ან საერთოდ არ აქვთ ჩატარებული, სკოლაში აცრიან.

მოზარდების იმუნიზაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს მობილური ჯგუფები იზრუნებენ, სპეციალისტები საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონიტორინგს ჩაატარებენ და საჭიროების შემთხვევაში, მშობლის თანხმობით, მოზარდებს ვაქცინაციას სკოლაშივე ჩაუტარებენ.

„მოხდება იმ კონტიგენტის შესწავლა, რომელიც სექტემბერში სკოლაში წავა, როგორი იმუნური სტატუსის არის. თუ ერთად თავი მოიყარა დიდი ოდენობით ისეთმა ბავშვმა, რომლებსაც არასრული იმუნური სტატუსი აქვს იმის გამო, რომ ან ერთხელ არის აცრილი, ან არასდროს არ არის, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს საკითხი დადგეს და უფრო რელევანტური იყოს ადგილზე ბრიგადის მისვლა“, – აცხადებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მარინა დარახველიძე.