რაზე ვერ შეთანხმდნენ რუსთავის საკრებულოს წევრები

2019-08-21 13:14:07

რუთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი M3 კატეგორიის ავტობუსების ქალაქიდან გასვლის ლოკაციაზე იმსჯელეს რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე. დეპუტატები ვერ შჯერდნენ, კენჭისყრის შედეგად საკითხზე მსჯელობა გადაიდო და ბიუროს სხდომაზე განსახილველად არ გავიდა.

კომისიის წევრების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ლოკაციას მოჰყვა, რომელიც 3 სხვადასხვა ვარიანტიდან იქნა შერჩეული. მოხსენების თანახმად გაირკვა, რომ თბილისის მიმართულებით მოძრავი M3 კატეგორიის ავტობუსების ქალაქიდან გასვლის ოპტიმალურ წერტილად გმირთა მოედანის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა, თუმცა დეპუტატებმა მიიჩნიეს, რომ საკითხს ღრმა და ყოვლისმომცველი მსჯელობა სჭირდება, ამიტომაც ის ბიუროს სხდომაზე განსახილველად არ გაიტანეს.

დარჩენილ 2 ვარიანტს შორის განიხილება რკინიგზის სადგურისა და ძველი სადგურის მიმდებარე ტერიტორიები.

შეგახსენებთ, ქალაქში M3 კატეგორიის 8 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, რომელიც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, ყოველ 20 წუთში იმოძრავებს.

კომისიის სხდომაზე ასევე იმსჯელეს საკონკურსო პირობებზე და კრიტერიუმებზე, რომელიც სატრანსპორტო ბაზარზე შემომსვლელმა კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს.

ავტობუსებში, რომელიც ქალაქს მოემსაურება დასაჯდომი ადგილების რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები, ჯამში 75-ზე ნაკლები, უნდა ჰქონდეს კონდიცირება, გათბობა, ვინტილიაცია. ავტობუსი აუცილებლად უნდა იყოს ევრო 6 სტანდარტის ან ელექტრო და შშმ პირებისთვის ადაპტირებული.

სამგზავრო ტარიფად მინიმუმ 90, მაქსიმუმ კი 1,20 თეთრი განისაზღვრა. დადგენილების თანახმად, სატრანსპორტო კომპანიისთვის მგზავრობის საფასურის შეცვლა 8 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.