რა არის სექსუალური შევიწროება?
2018-04-07 12:24:57

სექსუალური შევიწროება არის ადამიანთან სექსუალური ხასიათის არასასურველი ვერბალური, არავერბალური ან ფიზიკური ინტერაქცია და მიზნად ისახავს ან იწვევს მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას, შეშინებას, დამცირებას ან/და იწვევს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, ძალადობრივი ან/და მტრული გარემოს შექმნას. სექსუალური შევიწროება შეიძლება ხდებოდეს როგორც საჯარო სივრცეში, ასევე  სამუშაო ადგილას.

სექსუალური შევიწროება გამოიხატება:

ფიზიკური ქცევით: არასასურველი ფიზიკური კონტაქტი, რომელიც მოიცავს მოფერებას, ჩახუტებას, ხელის გადასმას, ჩქმეტას ან/და სხვა შეუფერებელ შეხებას;
ფიზიკური ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობა; ასევე, სამსახურთან დაკავშირებული მუქარა ან წახალისება სექსუალური ქცევის სანაცვლოდ.

სიტყვიერი ქცევით: შეუფერებელი და სქესობრივი ხასიათის შეურაცხმყოფელი შენიშვნები, ხუმრობები და შეკითხვები გარეგნობასთან, ცხოვრების სტილსა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. ასევე, ეს შეიძლება იყოს მუქარები, შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები, სახელების შერქმევა და კრიტიკა, მსხვერპლის შეურაცხყოფა ან დამცირება სხვა ადამიანების თანდასწრებით, გაუმართლებელი შეკითხვები პირადი ცხოვრების ან ადამიანის გარეგნობის შესახებ და შეუფერებელი მიწვევა პაემანზე.

არავერბალური ქცევით: პორნოგრაფიისა და სექსუალური ხასიათის ფოტოების ჩვენება ან გაგზავნა, სტვენა და სექსუალური ხასიათის ჟესტები, შეურაცხმყოფელი მიშტერება ან დამცინავად ყურება. არავერბალური სექსუალური ხასიათის წინადადებების შემცველი, არასასურველი და შეურაცხმყოფელი ელექტრონული წერილები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სოციალურ მედიაში/სოციალური ქსელების გვერდებზე გამოქვეყნებული ფოტოები და გზავნილები (ზოგჯერ უწოდებენ კიბერშევიწროებას).

სექსუალური შევიწროება შეიძლება ნებისმიერ დასაქმებულ ადამიანს შეეხოს. არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სექსუალური შევიწროების მიმართ ყველაზე დაუცველები ქორწინებაში არმყოფი და ახალგაზრდა ქალები არიან.

მსხვერპლი შეიძლება გახდეს კაციც და ქალიც. ამავდროულად, არ არის აუცილებელი, მსხვერპლი საპირისპირო სქესს წარმოადგენდეს. მსხვერპლია ის პირი, რომლის უშუალო შევიწროება ხდება, მაგრამ შესაძლოა იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელზეც შეურაცხმყოფელი ქცევა ახდენს ზემოქმედებას.

სექსუალური შევიწროება შეიძლება მოხდეს სამსახურთან დაკავშირებულ თითქმის ნებისმიერ სიტუაციასა და ურთიერთობაში, მათ შორის თქვენი დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ საზოგადოებრივ ღონისძიებაზე, სამსახურთან დაკავშირებული მოგზაურობის დროს, შემკვეთის ან მომხმარებლის ოფისებში, ტრენინგისას, ბიზნეს ლანჩზე ან სადილზე, სარეკლამო კამპანიების, შემკვეთებთან, მომხმარებლებთან თუ პერსპექტიულ პარტნიორებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებების დროს, ან სამსახურთან დაკავშირებული სატელეფონო საუბრების თუ ელექტრონული მედიის საშუალებით კომუნიკაციისას.

ფლირტსა და სექსუალურ შევიწროებას თანხმობის ნაწილი განასხვავებს. კერძოდ, ფლირტი არის ორმხრივი ნება. სექსუალური შევიწროება კი მსხვერპლისთვის არასასურველ და მიუღებელ ქცევას წარმოადგენს.

სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით შექმნილი ელექტრონული კურსი - http://sexualharassment.ombudsman.ge