"პლაზმას სხვების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია"

2021-02-18 11:54:42

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმას სხვების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

„COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმას შეუძლია სხვების სიცოცხლის გადარჩენა. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი COVID-19-ის მკურნალობის კლინიკურ ჯგუფთან ერთად COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. სტანდარტულ თერაპიასთან ერთად წარმატებით იყენებს სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდებს და მიდგომებს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმის გადასხმა. ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა შეიცავს ვირუსის საწინააღმდეგო ე.წ. დამცავ (მანეიტრალიზებელ) ანტისხეულებს, რომლებიც COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უკავშირდებიან ვირუსს (SARS-CoV-2-ს) და ანეიტრალებენ მას.

კონვალესცენტის პლაზმის გამოყენება ეფექტიანია დაავადების ადრეულ სტადიაზე (პირველი 10 დღე), როცა COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში ხდება ვირუსის აქტიური რეპლიკაცია (გამრავლება). პლაზმის ეფექტიანობა დამოკიდებულია მასში ე.წ. დამცავი (მანეიტრალიზებელი) ანტისხეულების კონცენტრაციაზე.

COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში სამკურნალოდ აღნიშნულ მეთოდს მიღებული აქვს აშშ FDA-ის ნებართვა (23 აგვისტო, 2020 წ.) გადაუდებელ შემთხვევებში მისი გამოყენების (Emergency Use Authorization) თაობაზე. უფრო მეტიც, 2020 წლის ივლისში აშშ FDA-ის ხელმძღვანელმა Stephen Hahn-მა COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს მოუწოდა პლაზმის დონაციაზე სხვების (COVID-19-ით პაციენტების) სიცოცხლის გადასარჩენად. მისი გამოსვლა დღემდე არის განთავსებული ინტერნეტსივრცეში“, – წერს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქში“