"უმეტესობა ერთდროულად ერთ ან ორ ჭიქას მიირთმევს"

2021-01-10 15:05:57

სიდნეის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ორსულობისას ალკოჰოლის უმცირესი დოზით მოხმარებასაც კი შეუძლია ბავშვის ტვინის განვითარებაზე ზემოქმედება და ის ახალგაზრდებში დიდ ფსიქოლოგიურ და ქცევით პრობლემებს უკავშირდება, მათ შორის შფოთვას, დეპრესიასა და ყურადღების დეფიციტს.

კვლევა გამოქვეყნდა ფსიქიატრიის ამერიკულ ჟურნალში და მას უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობისა და ნივთიერების მოხმარების კვლევის მატილდას ცენტრი უძღვებოდა.

ორსულობისას მცირეოდენი ალკოჰოლის გავლენა ბავშვის განვითარებაზე შედარებით უცნობია და ვრცელი დებატები არსებულა იმის თაობაზე, თუ რამდენია ალკოჰოლის მოხმარების უსაფრთხო დონე.

მკვლევრებმა გამოიძიეს, იყო თუ არა ორსულობისას ალკოჰოლის ნებისმიერი დოზით მოხმარება დაკავშირებული ფსიქოლოგიურ, ქცევით, ნერვულ და კოგნიტურ ცვლილებებთან 9-10 წლის ბავშვებში. 9 719 ახალგაზრდის შერჩევით ეს ყველაზე დიდი კვლევაა, რომელსაც ორსულობისას მცირეოდენი ალკოჰოლის ზეგავლენა გამოუკვლევია. ალკოჰოლის დაბალი დოზით მიღებაში იგულისხმებოდა ერთდროულად ერთი ან ორი ჭიქა, კვირაში კი — მაქსიმუმ ექვსი.

"ჩვენმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ორსულობის ალკოჰოლის მცირე დოზით მიღებასაც კი შეუძლია, მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბავშვის ტვინის განვითარებაზე. ძველმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ორსულობისას ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებას, ვთქვათ, უზომო სმას, ბავშვის დაზიანება შეუძლია. მიუხედავად ამისა, ამ კვლევამ აჩვენა, რომ ორსულობისას ალკოჰოლის ნებისმიერი რაოდენობით მოხმარება, თუნდაც ძალიან მცირე დოზით, დაკავშირებულია ბავშვებში თითქმის შეუმჩნეველ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ქცევით და ფსიქოლოგიურ ეფექტებთან, მათ შორის შფოთვასთან, დეპრესიასა და ყურადღების დეფიციტთან", — თქვა კვლევის მთავარმა ავტორმა და მატილდას ცენტრის PhD კანდიდატმა მის ბრაიან ლისმა.

ლისმა დაამატა, რომ ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ავსტრალიაში ქალების 50 პროცენტი სვამს ალკოჰოლს, სანამ გაიგებს, რომ ორსულადაა, ამის გაგების შემდეგ კი იმავეს 25 პროცენტი აკეთებს. უმეტესობა ერთდროულად ერთ ან ორ ჭიქას მიირთმევს, რასაც, როგორც კვლევა აჩვენებს, ბავშვის ტვინზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

კვლევის აღმოჩენები

ამ კვლევაში ბავშვების 25 პროცენტი მუცლადყოფნისას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მოექცა; მათგან 60 პროცენტი — მცირე დოზის, ხოლო დანარჩენი 40 — დიდი დოზის. დიდ დოზაში იგულისხმება ერთდროულად სამი ან მეტი ჭიქის დალევა და კვირაში ჯამში 7 ან მეტი ჭიქა.

ბავშვებს, რომელთა დედამაც ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე მცირე დოზით მიიღო ალკოჰოლი, უფრო მეტი ფსიქოლოგიური/ემოციური (მათ შორის შფოთვა, დეპრესია და საკუთარ თავში ჩაკეტილობა) და ქცევითი (მათ შორის ყურადღების დეფიციტი და იმპულსურობა) პრობლემა ჰქონდათ, ვიდრე იმ ბავშვებს, ვის მშობელსაც ორსულობისას ალკოჰოლი არ მიუღია.

იმ ბავშვებში, რომლებზე ორსულობის პირველ 6-7 კვირაშიც დედებმა უფრო მაღალი დოზით მიიღეს ალკოჰოლი (დაახლოებით 36 ჭიქა კვირაში), 25 პროცენტით იყო გაზრდილი იმის ალბათობა, რომ ბავშვს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) განუვითარდებოდა.

ადრეული ორსულობისას ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება ასევე დაკავშირებული იყო წესების დარღვევასა და აგრესიასთან ბავშვებში და დაახლოებით 30 პროცენტით იყო გაზრდილი იმის რისკი, რომ ასეთ ბავშვს ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა (ODD) დაუდგინდებოდა.

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბავშვებში ტვინის მოცულობისა და ზედაპირის ფართობის ზომის განსხვავებები აღმოაჩინეს, რაც მათში ფსიქოლოგიურ და ქცევით პრობლემებს წარმოქმნიდა.

ორსულობისას მიღებული სასმლის რაოდენობა 0-90 ჭიქას შორის მერყეობდა, სადაც საშუალო რაოდენობა 27 იყო. სასმლის უმეტესობა პირველ 6-7 კვირაში მიიღეს, სანამ ორსულობის შესახებ გაიგებდნენ.

"ზოგადად, რაც უფრო მეტი ალკოჰოლი მიიღო ქალმა ორსულობისას, მით უფრო მძიმე შედეგები ჰქონდა ამას ბავშვზე. ბავშვებში უარყოფითი ეფექტები მაშინაც გამოვლინდა, თუკი ქალი მცირე რაოდენობით ალკოჰოლს იღებდა ძალიან ადრეული ორსულობისას (დაახლოებით 16 ჭიქა პირველ 6-7 კვირაში), შემდეგ კი სმა შეწყვიტა. სირთულე ისაა, რომ ბევრმა ქალმა ორსულობის ადრეულ ეტაპზე არ იცის, რომ ორსულადაა", — თქვა მის ლისმა.

RUSTAVI