"არ აქვს აღქმის უნარი, რა გააკეთა"

2019-05-15 14:36:15

დამიმტკიცონ, რომ ჩემი შვილი მკვლელობის ჩადენისას ადეკვატური იყო და მე მოვითხოვ მისი ლინჩით წესით გასამართლებას, - ამის შესახებ რუსთავში, ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის ბებიამ და მკვლელობაში ბრალდებულის, ვალერი ირემაძის დედამ, ინგა ირემაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვალერი ირემაძე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხდარს ვერ აღიქვამს სინანულის განცდა არ გააჩნია.

„ჩვეულებრივად ლაპარაკობს, ოჯახშიც რეკავს, მაგრამ არ აქვს აღქმის უნარი, რა გააკეთა. სინანულის გრძნობა არ აქვს, რადგან ექიმი ამას ამბობს, რომ მისი ავადმყოფობის პრობლემა ესაა. ჩემი შვილი, თავისი ნებით მივიდა რუსთავის საავადმყოფოში, სადაც მას გაუკეთეს გადასხმა, გარკვეული პროცედურები და რამოდენიმე საათი დაყო იქ და რუსთავის საავადმყოფომ უთხრა მის მეუღლეს, რომ გადაეყვანათ ან ნარკოლოგიურში, ან ფსიქიატრიულში. ჩემი შვილი დათანხმდა და პირველად მივიდა თბილისის ნარკოლოგიურში, მაგრამ არ მიიღეს, უთხრეს, რომ არ ჰქონდათ ადგილები. მერე ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადავიდნენ და დერეფანში სულ რაღაც 2 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა ექიმი ჩემ შვილს, შეხედა და დიაგნოზი დაუსვა, რომ არაფერი არ სჭირდა და წაიყვანეთ სახლში, არ გვაქვს ადგილებიო", - განაცხადა ინგა ირემაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან ვალერი ირემაძე ეპილეფსიითაა დაავადებული, ფსიქოტროპულ წამლებს 6 წლიდან იღებდა და მისი მისამართით გაჟღერებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტრაგედიისას სინთეტური ნარკოტიკული საშუალებების რეაქციის ქვეშ იყო, ლოგიკურია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, 13 წლის მოზარდი საკუთარმა ბიძამ 10 თებერვალს მოკლა.