რა ევალება ცხოველის მეპატრონეს

2019-05-14 15:45:48

შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტის თანახმად, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეკრძალება საკუთრებაში კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს), თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს ამ წესით ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს;

რაც შეეხება კორპუსებს, ბინაში 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა იკრძალება.

"შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველის მიერ მეზობლებისთვის ან/და ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სივრცისთვის მიყენებული ზიანის (სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ხმაური) აღმოფხვრა" - წერია კანონპროექტში.

დეპუტატთა ნაწილი "შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" კანონის მიღებას ითხოვს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ინიციატორები არიან კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.

"ამ კანონის მიზანია შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა, აგრეთვე ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა" - წერია კანონპროექტში.

დოკუმენტის თანახმად, დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება ან მოკვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება, ან/და ხანგრძლივად დახურულ სივრცეში ყოლა.

დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით.

აკრძალულია ჩვენებებისა და სხვა არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების მიზნის გარეშე შინაური ბინადარი ცხოველებისათვის კუდის და ყურების დაჭრა, სმენის დაქვეითება, კბილებისა და ეშვების ამოღება, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა და ხმის იოგების გადაჭრა.

შესაბამისი მუხლი დაემატება სისხლის სამართლის კოდექსს და ცხოველთა ორთაბრძოლები თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. კერძოდ, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე. ხოლო თუ პირი ამას ჯგუფურად, არაერთგზის ან/და არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩაიდენს, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კანონპროექტი მხარდაჭერის შემთხვევაში ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვრიდან.

RUSTAVI