"მკვლელობის დღეს ქუთათელაძე ვნახე"

2019-05-06 17:14:32

"მკვლელობის დღეს ქუთათელაძე ვნახე, თუმცა მკვლელობის დროს ვიმყოფებოდი საქართველოს ბანკში", - აცხადებს გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ჭანტურიას სასამართლო პროცესი განახლდა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდა, სასამართლო პროცესზე გამოცხადდა საქმეში ბრალდებული გიორგი ჭანტურიაც, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება წინასწარი პატიმრობისთვის განსაზღვრული 9 თვიანი ვადის ამოწურვის გამო 3 დღის წინ დატოვა.

როგორც საქმეში მთავარმა ბრალდებულმა, გიორგი ჭანტურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე შეხვდა გენერალ სამსონ ქუთათელაძეს, თუმცა ჭანტურიას თქმით, მათ შორის კამათს ადგილი არ ჰქონია. როგორც გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, მკვლელობის სავარაუდო მონაკვეთში ის საქართველოს ბანკში იმყოფებოდა.

ბრალდების მხარის თქმით, დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო კანონით დადგენილ წინასწარი პატიმრობის ვადაში მტკიცებულებების გამოკვლევა და განგებ გააჭიანურა მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი. პროკურორ ლევან ჯალაღანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჭანტურია დღეის მდგომარეობით პატიმრობაში არ იმყოფება, ეს ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში მის გამართლებას არ ნიშნავს. ბრალდების მხარე ფიქრობს, რომ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში აუცილებლად დადგება გიორგი ჭანტურიას გამამტყუნებელი განაჩენი.

პროკურატურის ბრალდებას მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესის განზრახ გაჭიანურებასთან დაკავშირებით უარყოფს დაცვის მხარე. ჭანტურიას უფლებადამცველის, ბექა ბასილაიას თქმით, დაცვის მხარეს არც ერთი სასამართლო პროცესი არ ჩაუგდია და ის მუშაობდა არასამუშაო საათებშიც კი.

შეგახსენებთ, გიორგი ჭანტურიამ 4 მაისს სასჯელაღსრულების დაწესებულება კანონით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვის გამო დატოვა. მას აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალა და გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა. კერძოდ, აეკრძალა საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლა და ასევე აეკრძალა საცხოვრებელი სახლის დატოვება 22:00 საათიდან დილის 7 საათამდე.

გიორგი ჭანტურიას მომდევნო სასამართლო პროცესი 18 მაისსაა ჩანიშნული. პროცესები დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები