თეა წულუკიანი რუსთაველებს შეხვდება [video]

2019-04-20 10:42:23

იუსტიციის მინისტრსა და რუსთაველებს შორის რამდენიმე დღეში შესაძლოა შეხვედრა გაიმართოს. [ვიდეო/video]

ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.

საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, თავმჯდომარის მოადგილეები და ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მოსახლეობასა და იმ სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდნენ, რომლებიც ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას აპროტესტებენ.

აზრთა სხვადასხვაობისა და ცხარე კამათის მიუხედავად, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოქალაქეებს შორის შეთანხმება შედგა. ადგილობრივი თვითმმართველობის შუამდგომლობით იუსტიციის მინისტრი რუსთაველებს შეხვდება. საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის ინფორმაციით, შეხვედრა უახლოეს დღეებში დაიგეგმება.

სხდომის ფარგლებში, მოქალაქეებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ერთმანეთს თავიანთი არგუმენტები გააცნეს, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა აშენდეს ან უნდა აშენდეს რუსთავში, დასახლებულ პუნქტთან ახლოს ციხე.

როგორც შეხვედრაზე გაირკვა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ადგილობრივებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებები ერთ საკითხთან მიმართებაში ჯერდება, დასახლებულ პუნქტთან ციხის მცირე მანძილის დაშორებით მშენებლობა მისაღები არც ერთი მხარისთვის არაა.

სამოქალაქო აქტივისტები პენიტენციალური დაწესებულებისთვის ადგილმდებარეობის შეცვლას მინიმუმ 3 კილომეტრით ითხოვენ. ონიანი მოსახლეობას ვერ დაჰპირდა, რომ მათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ლოკაციის  კონკრეტულად ამ მანძილით შეცვლაზე უშუამდგომლებს, თუმცა მისი თქმით, რისი შესაძლებლობაც ექნება, უწყებასთან საუბრისას ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები