რუსთაველი მასწავლებლების წარმატება

2019-04-18 00:16:53

ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადის, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული რიგით მე-14 კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები რუსთაველები, რუსთავის #10 საჯარო სკოლის მასწავლებლები გახდნენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დალი ხაჩიძემ კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა კონკურსში მე-3 ადგილის მოპოვება შეძლო.

დედაენის ოლიმპიადა-ფესტივალი წელს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მონაწილეებსაც მასპინძლობდა და მასში ერთმანეთს კონკურენციას 3967 მოსწავლე თუ მასწავლებელი უწევდა.

რუსთაველი მასწავლებლის, ალექსანდრე ნიკოლაიშვილის თქმით, მას კონკურსში მონაწილეობის მიღება გეგმაში არ ჰქონია, ბედის მოსინჯვა მას შემდეგ სცადა, რაც საკუთარ მოსწავლეს ოლიმპიადაზე თანმხლების რანგში გაჰყვა. მისი თქმით, პროფესიულ დონეზე კალიგრაფობა არასდროს უცდია, თუმცა ყოველთვის აქცევდა ყურადღებას, ლამაზი ხელნაწერი ჰქონოდა.

გამარჯვებულების გამოვლენა "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის" შეფასებების საფუძველზე მოხდა. როგორც პროექტის ორგანიზატრები აღნიშნავენ, ფესტივალის მიზანი ციფრული ტექნოლოგიების ხანაში ხელით წერის პოპულარიზაცია და ლამაზად წერის კულტურის შენარჩუნებაა.

პროექტის ფინალური ნაწილი 20 აპრილს საზეიმო ღონისძიებით დასრულდება, სადაც გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება და ცნობილი გახდება ვინ იქნება "საუკეთესო კალიგრაფისა" და "კალიგრაფების რჩეულის" ტიტულის მფლობელი. აღნიშნულ ნომინაციებზე რუსთაველი მასწავლებლები წარდგენილნი არიან.

ფოტოებზე ნახავთ დალი ხაჩიძისა და ალექსანდრე ნიკოლაიშვილის სამუშაო პროცესს კონკურსის ფარგლებში და ასევე ალექსანდრე ნიკოლაიშვილის მიერ შესრულებულ კალიგრაფიულ ნაშრომს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები