რუსთავის საკალათბურთო გუნდმა სუპერლიგა დატოვა

2019-04-20 13:38:33

რუსთავის საკალათბურთო გუნდი სუპერლიგას გამოეთხოვა.

“რუსთავი 1991”-ად წოდებულმა ქვემოქართლურმა გუნდმა “კაკტუსთან” 87:80 წააგო და სუპერლიგა დატოვა. დარჩენილ 1 ტურში ვერაფერი შეიცვლება, რუსთაველები რეგულარულ ჩემპიონატს ბოლო ადგილზე დაასრულებენ, რაც დებულების თანახმად “ა” ლიგაში დაქვეითებას ნიშნავს.

გუნდის უმაღლესი ლიგიდან გამოვარდნამდე "ინფო რუსთავის" კითხვებს უპასუხა რუსთავის საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტმა კობა კობიაშვილმა, რომელმაც საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ ეტაპისათვის კლუბის მთავარ მიზანს სუპერლიგაში დარჩენა წარმოადგენდა, თუმცა ინტერვიუს დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ გუნდმა  მიზანს ვერ მიაღწია, "რუსთავი 1991" "ა" ლიგაში ჩამოქვეითდა.

"იყო შეცდომები კალათბურთელების შერჩევაში და შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთმა ქართველმა კალათბურთელმა არ გაგვიმართლა" - განაცხადა კობა კობიაშვილმა. კლუბის პრეზიდენტმა საინფორმაციო სააგენტოსთან იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომლებიც გუნდისთვის წარუმატებელი სეზონის ჩატარების მიზეზი გახდა.

"შეცდომები იქნა დაშვებული როგორც კალათბურთელების შერჩევაში, ასევე სხვადასხვა მიზეზებიც იყო, რამაც უიღბლო სეზონი გამოიწვია. ჩვენი მთავარი მიზანია ამ ეტაპზე, რომ შევინარჩუნოთ უმაღლეს ლიგაში ადგილი, რისი თეორიული შანსიც არსებობს. ქალაქის ხელმძღვანელობა მხარში დაგვიდგა და მომავალ წელს აუცილებლად გვეყოლება ისეთი მაღალი დონის გუნდი, როგორიც ამ ქალაქს ეკუთვნის", - განაცხადა კობა კობიაშვილმა.

"ინფო რუსთავი" რუსთავის საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, მას შემდეგაც დაუკავშირდა, რაც გუნდმა სუპერლიგა ოფიციალურად დატოვა და "ა" ლიგაში ჩამოქვეითდა. როგორც კობა კობიაშბილისგან ვგებულობთ, კლუბის სამოქმედო გეგმა ამ ეტაპისთვის ერთია, საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მიმდინარეობს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების რაოდენობა 10-დან 12-მდე გაიზარდოს, რაც "რუსთავი 1991"- სთვის სუპერლიგაში თამაშის გაგრძელების ერთადერთი შანსია.

კობა კობიაშვილის განმარტებით, ზუსტი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაახლოებით 2 კვირაში გახდება ცნობილი, მაგრამ თუ ვარაუდები არ გამართლდა, რუსთავის საკალათბურთო გუნდს იმისათვის, რომ ისევ უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსი მიეცეს, მთელი მომდევნო სეზონი, ანუ 1 წელიწადი დასჭირდება.

შეგახსენებთ რომ რუსთავის საკალათბურთო კლუბი ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 700 000 ლარით დაფინანსდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები