შსს-მ 2 პირი დააკავა [video]

2019-04-14 11:38:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. [ვიდეო/video]

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ. და 1996 წელს დაბადებული გ.გ. ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სოფელ დიღომში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს - დ.ფ.-ს ყოფილი თანამშრომლის ვალის დაბრუნების მოტივით დაუკავშირდნენ და 2 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. გამომძალველებმა მოთხოვნილი ფული დ.ფ.-ს ერთ-ერთი მათგანის მეუღლის ანგარიშზე ჩაარიცხვინეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ერთი ბრალდებული გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში, ხოლო მეორე - დაბა ბაკურიანში დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვას გულისხმობს.


RUSTAVI