ხმაურიანი სასამართლო პროცესი რუსთავში [video]

2019-04-08 18:35:57

ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით რუსთავში დაკავებული პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.

მოსამართლე მადონა მაისურაძემ ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. [ვიდეო/video]

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ადვოკატის აცილება მოითხოვა. გ.ს.-მ სასამართლო პროცესზე განაცხადა რომ არ აღიარებს ქურდულ სამყაროს და აცხადებს რომ არის კანონმორჩილი მოქალაქე. მისივე თქმით მან თ.მ.-ს სთხოვა ფული და გამოძალვას ადგილი არ ჰქონია. პროცესის დაწყებისას კი ბრალდებულმა აღნიშნა რომ მისი დაკავების დროს იყო გადაცდომა პოლიციის მხრიდან და რომ მას ავტომობილში და იზოლატორში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, მოსამართლე მადონა მაისურაძემ ბრალდებულს რამდენჯერმე მისცა შენიშვნა თუმცა ის მაინც განაგრძობდა პროკურორის, ადვოკატის და მოსამართლის შეურაცხყოფას რის გამოც მას იძულების წესით დარბაზი დაატოვებინეს.

"აღნიშნულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მოითხოვა პატიმრობა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.  ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, ის ფსიქიკური პრობლემების მქონე გახლავთ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ბრალდებულის ადვოკატმა ნიკა გუჯაბიძემ

"რა თქმა უნდა ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა საქმეში არსებობს მტკიცებულებები, დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს წარმოადგენს, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა გამოძალვა და ეს არ იყო მეგობრული თხოვნა დაზარალებულისადმი"- განაცხადა ჩვენთან საუბრისას პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა.

"ინფო რუსთავთან" ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში განაცხადეს რომ - "გ.ს. ცენტრში მოყვანილი იქნა საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მიერ. ის არ იყო თანახმა მკურნალობაზე, რის გამოც შუამდგომლობა დადგა მის არანებაყოფლობით მკურნალობაზე. გადიოდა 5 დღიან მკურნალობას, გადიოდა შესაბამისი მედიკამენტებით, ანტიფსიქოზური პრეპარატებით და შედარებით უკეთეს მდგომარეობაში გაეწერა".

შეგახსენებთ, რომ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, სისტემატურად სძალავდა ფულს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი კერძო სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-9 წლამდე თავისუფლებით აღკვეთას ითვალისწინებს.


ავტორი

ნინა პარუნაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები