"ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა შესამცირებელია"

2019-04-05 16:17:23

რუსთავის მერიაში, "სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაციის" დამფუძნებელი 7 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირმა ხელი მოაწერა დეკლარაციას "სკოლამდელი განათლება - ჩვენი პრიორიტეტული სოციალური ანგარიშვალდებულებაა".

ასოციაციის დამფუძნებელ 7 მუნიციპალიტეტს შორისაა რუსთავი, გარდაბანი, ბაღდათი, მარნეული, თიანეთი, ოზურგეთი და დუშეთი. დეკლარაციის ხელმოწერის ინიციატივა კი რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას ეკუთვნის.

აღნიშნული ინიციატივა საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკას" და საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“ ფარგლებში ხორციელდება.

ჟურნალისტებთან აღნიშნული მუნიციპალიტეტების სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა "კივიტას გეორგიკას" ხელმძღვანელმა გიორგი მესხიძემ. მისი თქმით, მთავარი რეკომენდაცია, რაც ყველა ბაგა-ბაღისთვის გაიცემა, ჯგუფებში აღსაზრდელთა რაოდენობის შემცირებაა.

"ერთმნიშვნელოვნად რომ გითხრათ, კატასტროფული მდგომარეობაა, ეს ასე არ არის. ერთმნიშვნელოვნად რომ გითხრათ, კარგად არის საქმე, ესეც არ იქნება სწორი. თითოეული ბაღისთვის გაკეთდა რეკომენდაციები, თუ კონკრეტულად ამ ბაღმა რა უნდა გააუმჯობესოს. ზოგადი რეკომენდაცია ყველასთვის კი არის ის, რომ უნდა შემცირდეს ბავშვების რაოდენობა, უნდა დაიხარჯოს თანხები აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისათვს და უნდა მოეწყოს სათამაშო მოედნები, ესაა მინიმუმ 3 რეკომენდაცია, რომელიც ყველა ბაგა-ბაღს ეხება. ყველგან არის ჯგუფებში ბავშვების დიდი რაოდენობა, იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება იყოს ნორმალური სასწავლო პროცესისთვის. ამასთან, აღმზრდელებს არსად არა აქვთ ე.წ. არასაკონტაქტო საათები, დრო როდესაც აღმზრდელი იმუშავებს საკუთარ თავზე და არ იქნება ჯგუფში ბავშვთან", - განაცხადა გიორგი მესხიძემ.

დეკლარაციის პირობების თანახმად, ხელმომწერი მუნიციპალიტეტები მხარს დაუჭერენ სკოლამდელი განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პირთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, ხელს შეუწყობენ სკოლამდელი განათლების პრაქტიკაში, აგრეთვე, მართვისა და დაფინანსების სისტემებში ბავშვზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების პრონციპების დანერგვას.

,,სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაცია’’ 2018 წლის 4 ივლისს შეიქმნა, ასოციაციაში დღეისთვის უკვე 42 მუნიციპალიტეტია გაწევრიანებული.