"ეს არაა პირველი შემთხვევა" [video]

2019-04-04 16:00:04

საწარმო "ჯეოსტილმა" რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საწარმოო ნარჩენები დაყარა. [ვიდეო/video]

როგორც საწარმოს მიერ დაქირავებული სატრანსპორტო კომპანიის მძღოლმა განაცხადა, "ჯეოსტილისგან" მას ნარჩენების სხვა ტერიტორიაზე წაღება ჰქონდა დავალებული, თუმცა დროის მოგების მიზნით, ნარჩენების მოთავსება მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაწყვიტა.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას იგივე განაცხადა კომპანია "ჯეოსტილის" წარმომადგენელმა გოჩა მღებრიშვილმა. მისი თქმით, საწარმოს წლების განმავლობაში შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ნარჩენები ქარხნიდან წიდა საყარზე გადაჰქონდა, დღევანდელ შემთხვევასთან დაკავშირებით კი კომპანია საქმის კურსში არ იყო.

ადგილზე გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად იმყოფებოდნენ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ტაბაღუამ გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს საკითხზე მკაცრი რეაგირება მოსთხოვა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, მძღოლს ჰქონდა თუ არა ნარჩენების განთავსების საბოლოო პუნქტად სხვა ტერიტორია განსაზღვრული, "ჯეოსტილი" ვალდებულია კონტროლი გაუწიოს მის მიერ დაქირავებულ სატრანსპორტო კომპანიას და აღრიცხოს მიდის თუ არა ნარჩენები განსაზღვრულ ტერიტორიამდე.

გარემოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, საქმეზე დაიწყება მოკვლევა და პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ ამის შემდეგ დადგება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "ჯეოსტილის" მიერ დაქირავებული მძღოლის ინფორმაციით, ზემოთაღნიშნულ კერძო საკუთრებაში მისი მხრიდან ნარჩენების დაყრის შემთხვევა პირველი არ ყოფილა. მისი თქმით, "ჯეოსტილიდან" წამოღებული საწარმოო ნარჩენები მას ამ ტერიტორიაზე აქამდეც მოუთავსებია.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები