"მესიჯი რომ მომდის მეშინია, ჯარიმა მგონია"

2019-04-05 17:33:21

"მესიჯი რომ მომდის მეშინია, ჯარიმა მგონია" - რუსთავის მოსახლეობის ნაწილი ქალაქში საგზაო ნიშნების განთავსებას აპროტესტებს.

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რუსთავში ახალი საგზაო ნიშნების განთავსებას შეეხებოდა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც მომხმარებელთა კომენტარებში და "ინფო რუსთავის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შემოსულ პირად შეტყობინებებში ვკითხულობთ, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ უკონტაქტო პატრულირება, ისევე როგორც სიჩქარის შემზღუდველი ნიშნულების დამონტაჟება რუსთავის ქუჩებში, სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის შეტანაზეა გათვლილი და რეალურად საგზაო უსაფრთხოების დაცვას არ ემსახურება.

სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშნების არსებობასთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტოსთან საკუთარი მოსაზრება დააფიქისრა რუსთავის მერმაც, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ: - "არის სპეციალური კომპანია და ვფიქრობთ, რომ ლოკალურ ადგილებზე სადაც ეს უკმაყოფილებაა მძღოლების, სპეციალისტებმა, რაღაც ნაწილის გადახედვა მოახდინონ".

შეგახსენებთ, "ინფო რუსთავმა" ქალაქში უკონტაქტო პატრულირების ამოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში უკონტაქტო პატრულირების ტერიტორიები უკვე განისაზღვრა, ესენია: შარტავასა და მეგობრობის გამზირი, თოდრიას, ლეონიძეს, თბილისის, ლომოურის, ჭავჭავაძისა და  გიორგაძის ქუჩები.

უკონტაქტო პატრულირება გულისხმობს პატრულირებას პოლიციის კუთვნილი ისეთი ავტომანქანებით, რომლებსაც შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნები არ გააჩნიათ, და რომელზეც სპეციალური აპარატურაა განთავსებული. უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმებულ მძღოლს [ისევე როგორც ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისას] მართვის მოწმობაზე ქულები არ აკლდება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები