"რუსთავის კორპუსის" ინიციატივების პროგრამა

2019-04-06 11:55:18

ა(ი)იპ "რუსთავის კორპუსმა " "ინიციატივების პროგრამა" შეიმუშავა, რომელიც რუსთავის საცხოვრებელ კორპუსებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნასა და განვითარებას ისახავს მიზნად.

პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობებს საშუალება ექნებათ, მათი საცხოვრებელი კორპუსისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, სამშენებლო მასალები ა(ი)იპ "რუსთავის კორპუსისგან" მიიღონ.

"პირველ რიგში, საჭიროა ამხანაგობის ჩამოყალიბება, მისი თავმჯდომარის არჩევა, რომელიც გააკეთებს განცხადებას  რუსთავის კორპუსში, ინიციატივის პროგრამაში ჩართულობასთან დაკავშირებით. ინიციატივების პროგრამა კი გულისხმობს იმას, რომ რუსთავის კორპუსი ხელშეკრულებით იღებს ვალდებულებას, ძირითადი სამშენებლო მასალებით მოამარაგოს ამხანაგობა, ამხანაგობა კი ერთვება საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობასა და განვითარებაში. სამშენებლო მასალებით მომარაგება მოხდება ისეთი სამუშაოებისთვის, როგორიცაა, საცხოვრებელი ბინის გადახურვა, სადარბაზოს კოსმეტიკური რემონტი, კიბის უჯრედის მოწყობა, შესასვლელის რკინა-ბეტონის რეაბილიტაცია, კარების მონტაჟი, საწვიმარი მილის მოწყობა", - განაცხადა "რუსთავის კორპუსის" სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად ლაბაძემ.

როგორც ლაბაძემ აღნიშნა,  2018 წელს ინიციატივების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 100 000 ლარის ოდენობის თანხა იყო გამოყოფილი, წელს კი პროგრამის დაფინანსება 200 000 ლარამდეა გაზრდილი.

ზვიად ლაბაძის განცხადებით, საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ბინათმესაკუთრეთა ჩართულობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებასა და მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად მოქალაქეებსა და სახელმწიფო სექტორს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები