ახალი ხაფანგი რუსთაველი მძღოლებისთვის

2019-03-30 00:56:43

რუსთავში უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში უკონტაქტო პატრულირების ტერიტორიები უკვე განისაზღვრა, ესენია: შარტავასა და მეგობრობის გამზირი, თოდრიას, ლეონიძეს, თბილისის, ლომოურისა და გიორგაძის ქუჩები.

უკონტაქტო პატრულირება გულისხმობს პატრულირებას პოლიციის კუთვნილი ისეთი ავტომანქანებით, რომლებსაც შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნები არ გააჩნიათ, და რომელზეც სპეციალური აპარატურაა განთავსებული. უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმებულ მძღოლს [ისევე როგორც ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისას] მართვის მოწმობაზე ქულები არ აკლდება.

„შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული [მოძრავი] სიჩქარისმზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების პირობებსა და პროცედურების წესი“, შს მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდა.

ამ წესის მიხედვითაა დაშვებული შეზღუდული რაოდენობის საგზაო მონაკვეთზე განხორციელდეს პატრულირება შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით [უკონტაქტო პატრულირება]; უკონტაქტო პატრულირებას კი ახორციელებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მოსამსახურე.

უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო ტერიტორია [სივრცე] განისაზღვრება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ დასაბუთებული ბრძანების საფუძველზე. უკონტაქტო პატრულირების შესახებ გამაფრთხილებელი ინფორმაცია კი [შესაბამისი ნიშნის განთავსებით] მითითებული უნდა იყოს საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში თვალსაჩინო ადგილას.