რა ხდებოდა მკვლელობის დღეს რუსთავში [video]

2019-03-29 00:13:58

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ სხდომაზე, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების წარდგენა მოხდა. სხდომაზე მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. [ვიდეო/video]

პროკურატურამ, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დღეს საქმეზე დაკავებულის, გიორგი ჭანტურიას ქვეითად თუ ავტომობილით გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა, რომელიც რუსთავში მდებარე სხვადასხვა ობიექტზე დამონტჟებული სათვალთვალო კამერებიდანაა ამოღებული.

სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც ამ ვიდეომასალაზე დაყრდნობით ჰაბიდოსკოპიური კვლევა ჩაატარა. კვლევა კონკრეტული დროის მონაკვეთში, კონკრეტულ ტერიტორიაზე გიორგი ჭანტურიასა თუ მისი მანაქნის იდენტიფიცირებას ისახავდა მიზნად. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქუთათელაძის მკვლელობის სავარაუდო დროის მონაკვეთში მკვლელობაში ბრალდებული სწორედ ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ასევე აღსანიშნავია საქმისთვის მნიშვნელოვანი ერთ-ერთი გარემოება. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, კვლევამ აჩვენა, რომ გიორგი ჭანტურია მკვლელობის სავარაუდო დროის მონაკვეთში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას სხვა ტანსაცმლით ტოვებს, შემდგომ კი ვიდეოკამერები მას გამოცვლილ ტანისამოსში აფიქსირებენ.

"დღევანდელ სხდომაზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ გამოკვლეული იქნა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და ამ დასკვნის ირგვლივ დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც შეადგინა აღნიშნული დასკვნა. აღნიშნული დასკვნით ბრალდებამ მოიპოვა მტკიცებულება იმის დასტურად, რომ მკვლელობის დღეს რა მიმართულებით მოძრაობდა გიორგი ჭანტურია, რა ტანისამოსი ეცვა მას. ამ ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ გიორგი ჭანტურიას ქუთათელაძის მკვლელობამდე ეცვა სხვა ტანისამოსი, კერძოდ მას ეფარა ე.წ. ბურთიანი ქუდი და მკვლელობის შემდეგ, იგი იცვლის ტანსაცმელს, მიემართება ე.წ. ძველი რუსთავის მიმართულებით ბანკში პირად საქმეზე და ამის შემდეგ, უკვე გამოცვლილი ტანსაცმელით, როდესაც უკვე საჯარო გახდა საზოგადოებისათვის, რომ მოხდა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა, ალიბის შექმნის მიზნით მიემართება შემთხვევის ადგილზე, სოლიდარულია და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის შესახებ. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ეს იყო მისი მიზანმიმართული ქმედება, რომ დაეფარა კვალი და გამოძიებას არ მიეტანა ეჭვი მის მიერ დანაშაულის ჩადენაზე", - განაცხადა საქმის პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

ლევან ჯალაღანიას თქმით, მას შემდეგ, რაც უშუალოდ დასრულდება ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევა და დაცვის მხარის ჯერი დადგება, ბრალდება აუცილებლად მოითხოვს ახსნა-განმარტებას ბრალდებულის მხრიდან ტანსაცმლის გამოცვლასთან დაკავშირებით. ჯალაღანია აღნიშნავს, რომ მკვლელობა მოხდა ზამთრის პერიოდში და მით უმეტეს საეჭვოა ჭანტურიას მხრიდან ტანსაცმლის გამოცვლა დაბნელებისას, მაშინ როდესაც ტემპერატურა უფრო კლებულობს, ის კი ქუდს იხსნის და შედარებით თხელ ტანსაცმელს იცვამს.

შეგახსენებთ, გენერალი სამსონ ქუთათელაძე გასულ წელს, 15 იანვარს საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. ქუთათელაძის მკვლელობის ბრადებით გიორგი ჭანტურია, გასული წლის აგვისტოში დააკავეს. ჭანტურიას დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკისას ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები ამოიღეს. გიორგი ჭანტურიას ბრალი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარებაში ედება.

 

ავტორი: თამუნა გაჩეჩილაძე


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები