როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სესხს ვეღარ ვფარავთ.

2017-03-03 12:43:29

დღესდღეობით სესხები და მასთან დაკავშირებული საკითხები ქართულ საზოგადოებაში  აქტუალური თემაა. „ინფო რუსთავი“ შეეცადა გაერკვია, თუ რა პროცედურები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც მოქალაქე სესხს ვეღარ ფარავს და როგორ შეუძლია მას დაიცვას საკუთარი უფლებები. თემასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის სამოქალაქო სამართლის ადვოკატ-კონსულტანტი, ნათია ქოქიაშვილი გვესაუბრა.

ადვოკატ-კონსულტანტის ინფორმაციით, თითოეულ საბანკო სესხს სახელშეკრულებო ფორმა განსაზღვრული ვადით აქვს, აღნიშნული სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემდეგ კი ბანკი მსესხებელს ფულის გადახდას სხვადასხვა გზით სთხოვს. სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემდეგ ბანკის საბოლოო მოთხოვნის დღიდან ბანკთან სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა აითვლება და სწორედ ამ 3 წლის განმავლობაში აქვს ბანკს სასამართლოს წესით მოითხოვოს თანხის დაბრუნება. სასამართლო მსესხებელს შეტყობინებას უგზავნის და რამდენიმე დღიან ვადას უსაზღვრავს, რომ თავისი პოზიცია და არგუმენტები წარმოადგინოს. „ხშირად მოქალაქეები სასამართლოს გზავნილს ყურადღებას არ  აქცევენ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადას არღვევენ, ამ შემთხვევაში გამოდის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და  ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციონ სასამართლოს გზავნილებს.“- აღნიშნა ქოქიაშვილმა.

თუ მსესხებელი სასამართლოში არ გამოცხადდება, მაშინ მოსამართლე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს,ხოლო როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდება მხარეს, ვიდრე ის კანონიერ ძალაში შევა, მოქალაქეს 10 დღის ვადაში შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება და ამასთანავე მოპასუხემ საპატიო მიზეზი უნდა დაასახელოს, იმისა თუ რატომ არ მოახდინა რეაგირება სასამართლოს გზავნილზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია 14 დღის ვადაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში კი შეიძლება გასაჩივრდეს 1 თვის ვადაში. თუ ეს ვადები გასულია, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება კი არსად აღარ საჩივრდება.

მოქალაქეებმა თავდაპირველად ძალიან კარგად უნდა იცოდნენ რა ხელეკრულებას დებენ, რა პირობებს ითვალისწინებს მათსა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულება. შეიძლება კრედიტოფიცერმა ზეპირად სხვა ინფორმაცია გაგვაცნოს და ხელშეკრულებაში დამატებით სხვა პირობები იყოს ჩადებული, რომელიც საზიანოა, როდესაც უკვე სახელშეკრულებო პირობები ირღვევა. ამიტომ იმ უარყოფით შედეგებზეც უნდა იფიქრონ, რაც სამომავლოდ შეიძლება განხორციელდეს.

კიდევ ერთ პრობლემად თავდებობა მიიჩნევა, ადვოკატის თქმით, თავდებს იგივე პასუხისმგებლობა აკისრია, რაც ძირითად მსესხებელის, ხშირ შემთხვევაში კი თავდებები ზარალდებიან, რადგან თუ ძირითადი მსესხებელის ვალდებულება ვერ შესრულდა, მაშინ ბანკმა თავდებისგან უნდა ამოიღოს თანხა, თავდებობისას განსაკუთრებით პრობლემები   იპოთეკური სესხის დროს იჩენს, როდესაც სესხის დაფარვა ქონებით ხდება.

 რაც შეეხებათ ონლაინ მსესხეებლებს, ისინიც იგივე პასუხისმგებლობაში დგებიან, როგორც საბანკო დაწესებულებაში  „ონალინ სესხზე მომხმარებელი შედის და პირად მონაცემებს შეავსებს, როდესაც შეტყობინება მოუვა თანხით დაკმაყოფილების შესახებ, მსესხებლის მიერ პირად მონაცემებთან დასტური OK-ის მერე ნიშნავს ხელმოწერას ანუ ნების გამოხატულებას. ამ მომენტიდან უკვე ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობაა“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის სამოქალაქო სამართლის ადვოკატ-კონსულტანტმა, ნათია ქოქიაშვილმა.