ბელგიაში ქართველი დააკავეს

2019-02-06 13:25:34

ბელგიაში 27 წლის ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალად ქალაქ ანტვერპენში ბანკის გაძარცვა ედება.

27 წლის ქართველს, რომელიც ბელგიის მოქალაქეა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბანკის ძარცვა ჩრდილოეთ ბელგიაში გასულ კვირას მოხდა. მძარცველებმა ბანკის საცავებში შესაღწევად მოპირდაპირე შენობიდან ორი მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს. მათ ასევე ბანკ "ბი-ენ-პი პარიბას ფორტისის" ფილიალში შესასვლელად საკანალიზაციო სისტემა გამოიყენეს.

ბელგიური მედიის ინფორმაციით, მძარცველებმა დაახლოებით 30 პერსონალური სეიფი გატეხეს. სავარაუდოდ, აღნიშნულ სეიფებში ბანკის კლიენტებს ბრილიანტები და ოქროულობა ჰქონდათ შენახული.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის ძარცვისა და მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბების საქმის გამოძიება გრძელდება.