რუსთაველი მძღოლების პროტესტი

2019-02-04 00:47:24

ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟებასტან დაკავშირებით რუსთავის მოსახლეობას უამრავი კითხვა გაუჩნდა.

მძღოლებში არაერთგვარი შეხედულებებია იმ საკითხთან დაკავშირებით საჭირო იყო თუ არა ახალი საგზაო ნიშნების დაყენება და რას ემსახურება აღნიშნული სიახლე. უზრუნველყოფს თუ არა გადაადგილების უსაფრთხოებას ახალი საგზაო ნიშნები ქალაქში, თუ უბრალოდ ეს ყველაფერი ჯარიმების გამოსაწერად დაგებული ხაფანგია.

"სახელმწიფო ზოგადად უნდა ზრუნავდეს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. საგზაო შემთხვევები ყველაზე დიდი მკვლელია საქართველოში, მაგრამ ის რომ სახელმწიფომ უნდა გახადოს გადაადგილება უსაფრთხო ეს იმას არ გულისხმობს, რომ დააგოს ხაფანგები, სადაც ჩვენი მოქალაქეები გაებმემებიან და ამითი შეივსოს ბიუჯეტი. ეს იწვევს უკმაყოფილებას. რუსთავის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ აქ ხალხი ერთი და იგივე მარშუტით დადიოდა წლები, შეცლის შემდგომ უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება და შემზადება, ასევე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმ მონიშვნებზე, რომელიც დატანილია გზებზე ისინი უფრო მკაფიო და ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ.

"ინფო რუსთავის" ჟურნალისტი ასევე დაუკავშირდა იმ კომპანიას რომელმაც პროექტი განახორციელა. შპს "არიშის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროექტირება 2017 წელს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან, საპატრულო პოლიციასთან, საგზაო ინჟინრებთან და  ავტოტრნასპორტის სპეციალისტებთან ერთად მოხდა. სწორედ მაშინ განისაზღვრა სად, რომელი საგზაო ნიშანი უნდა დამონტაჟებულიყო.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, საგზაო ნიშნები ყველა იმ ადგილზე განთავსდა, სადაც ბოლო პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევები მომატებული იყო, ასევე იქ სადაც ავტომობილი აფერხებს მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.

გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ს მომსახურების სააგენტო მიმდინარე წლის ბოლომდე უზრუნველყოფს რომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები რუსთავის ქუჩებში გაიმართოს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, რაც გულისხმობს გზის დახაზვას, საგზაო ნიშნების განთავსებას და სხვადასხვა საკითხების მოგვარებას მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.