"პროტესტის ნიშნად დავტოვე ჩემი თანამდებობა".

2017-02-23 19:14:48

პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა. მამა მიქაელ ბოტკოველმა დღეს გააკეთა განცხადება იმის შესახებ რომ, პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება და მას ის არ უნახავს. თავად ოხანაშვილმა აღნიშნული უარყო, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველი სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საპატრიარქოშია და ასრულებს მის საქმიანობას.

მიქაელ ბოტკოველი - "მე ვთქვი სწორედ ის, რაც ვნახე. აქამდე სოსო ოხანაშვილი ნანახი არ მყავდა საპატრიარქოში. მე არ მითქვამს, რომ ის გადადგა ან გადააყენეს ან დააპატიმრეს, უბრალოდ არ მინახავს. ნებისმიერი ადამიანი დამიდასტურებს, რომ გაიმართა შეხვედრა პრემიერთან, პრეზიდენტთან, ბიძინა ივანიშვილთან და მსგავს შეხვედრაზე დაცვის უფროსი არ გამოჩენილა. ვთქვი, ის, რაც იყო სინამდვილე. მატყუარა და თვალთმაქცი არის თვითონ და მას საკადრისი პასუხი გაეცემა უახლოეს მომავალში. პროტესტის ნიშნად დავტოვე ჩემი თანამდებობა და წამოვედი საპატრიარქოდან. ვიყავი კათოლიკოს პატრიარქის მდივანი და დღეიდან ჩემს მოვალეობებს აღარ შევასრულებ. საპატრიარქოში აღარ ვიქნები".