"იცოდე მეტი გრიპის შესახებ"

2019-01-18 17:05:54

,,იცოდე მეტი გრიპის შესახებ“-საინფორმაციო აქცია სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებასთან  დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით და ინიციატივით რუსთაველის გამზირზე გაიმართა.

აქციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაცია.

ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იყო ინსტრუქციები და რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას - როგორ უნდა ამოიცნოთ, რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა აიცილოთ თავიდან გრიპის ვირუსი და ვინ მიეკუთვნება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს.

აქციაზე თსსუ-ის სტუდენტების მიერ დარიგდა საინფორმაციო ფლაერები, გრიპის ვირუსის პრევენციისათვის საჭირო ძირითადი თავდაცვითი საშუალებები, პირბადეები და სადეზინფექციო ხელის დასაბანი ხსნარები.
 
„გარდა სამედიცინო კადრების მომზადებისა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საზოგადოების განათლება ჯანმრთელობის მიმართულებით . ამ მისიის ფარგლებში სამედიცინო უნივერსიტეტი დღეს ატარებს აქციას სახელწოდებით "იცოდე მეტი გრიპის შესახებ". აღნიშნული აქცია ემსახურება ბოლო პერიოდში სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელ ვნებათაღელვას. ვცდილობთ, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ უნდა დავიცვათ თავი გრიპისგან", - აღნიშნა თსსუ-ის სტუდენტებთან და  კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიხეილ დიაკონიძემ.