პატარა კალათბურთელები [photo]

2019-01-03 15:34:25

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის მიერ გამართულ საახალწლო ტურნირში გამარჯვებული "რუსთავის საკალათბურთო აკადემია" გახდა.

ტურნირი რვა წლის ბავშვებს შორის ჩატარდა და მასში რვა გუნდი მონაწილეობდა. ფინალში რუსთავის საკალათბურთო აკადემიის გუნდი "ლოს ანჟელეს კლიპერსი" გუნდ "ჩიკაგოს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.

"ეს გამარჯვება ძალიან დიდი მოტივაცია იყო. პირველი ტურნირი იყო ბავშვებისთვის და ჩვენთვისაც თავისთავად. ვცდილობთ თანამედროვე მეთოდიკით ვავარჯიშოთ ბავშვები და დავინახეთ რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, რაც მთავარია, ვვითარდებით. მწვრთნელებისთვისაც, ზურა მაჭავარიანისა და გიგა უჩავასთვისაც უდიდესი წარმატება იყო პირველივე ტურნირზე გამარჯვება. თან მოგეხსენებათ რესურსებს შორის დიდი სხვაობაა", - აცხადებს რუსთავის საკალდბურთო აკადემიის ხელმძღვანელი დავით მაჭავარიანი.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე რუსთავის საკალათბურთო აკადემიის გუნდის წევრი დათა უჩავა გახდა, გამორჩეული მოთამაშეების ტიტული კი დათა უჩავასთან ერთად საბა ბლიაძემ, ნიკა სამხარაძემ და დათი ჩადუნელმა მოიპოვეს.

"რუსთავის საკალათბურთო აკადემიის" გუნდი ტურნირის ორგანიზატორებმა სიგელებითა და თასით დააჯილდოვეს.

საკალათბურთო აკადემია რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუასა და მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის, დავით მაჭავარიანის მიერ, რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის ბაზაზე ორი წლის წინ დაფუძნდა.