მარნეულის მოსახლეობამ აქცია გამართა.

2017-02-20 14:51:01

მარნეულის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფელ აზიქენდის, ალგეთისა და თაზაქენდის მაცხოვრებლები, სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ხარვეზებსა და გარე განათების სისტემის არ არსებობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, უკვე ორი თვეა „რუსთავის წყალმა“ აღნიშნულ სოფლებს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტა. რაც შეეხება, გარე განათებას, ადგილობრივების განცხადებით, ჩაბნელებული ქუჩები მოსახლეობას პრობლემებს უკვე რამდენიმე თვეა უქმნის.  სოფლის მაცხოვრებლები დახმარებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავენ და სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას,  გარეგანათების სისტემის შეკეთებასა და სარწყავი არხების გაწმენდას მოითხოვენ

მელიორაციის სამსახურში აცხადებენ, რომ  სარწყავი არხები მოსახლების დაუდევრობის გამო არის დაბინძურებული. რაც შეეხება არხების გაწმენდას, პროცესი აპრილის თვეში დაიწყება. გარე განათებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განცხადებით, ნათურების შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები დაიწყება.

„რუსთავის წყალში“ აცხადებენ რომ ზემოთ აღნიშნული სოფლის მაცხოვრებლები კომპანიის აბონენტები არ იყვნენ, თუმცა დახმარების გაწევის მიზნით, მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დროებით, რუსთავის ქსელს დაუკავშირეს. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, სოფლის მაცხოვრებლები წყალს არამიზნობრივად ხარჯავენ, დიდი დოზით წყლის მოხმარება კი რუსთავში წყლის მიწოდებას უშლის ხელს. გარდა ამისა მოსახლეობას დავალიანება დაუგოვდა და გაფრთხილების მიუხედავად მათ წყლის გადასახადი ამ დრომდე არ გადაუხდიათ.  იმისთვის რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლის მაცხოვრებლებს პრობლემა მოუგვარდეს, კომპანიაში აცხადებენ რომ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და სემეკთან აქტიური მოლაპაარკებები მიმდინარეობს.